ხორვატიის პრეზიდენტმა ბრიტანეთი გააკრიტიკა და მხარი დაუჭირა რუსეთთან შეთანხმებას
ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა უკრაინის მხარდაჭერაში და მოუწოდა რუსეთთან შეთანხმების მიღწევისკენ, რადგან მის გარეშე, მისი თქმით, ევროპაში სტაბილურობა ვერ იქნება.
ამის შესახებ Euractiv წერს.
მილანოვიჩმა ბრიტანეთი დაადანაშაულა წაქეზებაში და თქვა, რომ ის უბიძგებს უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებისკენ და ეს “უპასუხისმგებლობაა”.
მისი თქმით, რუსეთის გარეშე ვერ იქნება სტაბილურობა არც ევროპაში და არც ევროკავშირში.
“რუსეთი არის ფაქტორი ამ განტოლებაში, ჩვენ გვჭირდება შეთანხმება რუსეთთან”, – თქვა ხორვატიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ლონდონს კიევი შეცდომაში შეჰყავს და უკრაინა დიდ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მძევალია, როგორც პატარა ქვეყანა.
კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა ზაგრებში მყოფ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლასს, ხორვატიის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის მინისტრებს არ ხვდება.
„არც კი ვიცი, რა დავარქვა ამას. ვხვდები, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შესაძლოა, რუსეთის ან ამერიკის. მინისტრებთან, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის, არაფერი მაქვს სალაპარაკო. მე არ ვხვდები თავდაცვის მინისტრებს, გარდა ზესახელმწიფოებისა. ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა და ეს მას ნაკლებად მნიშვნელოვანს ხდის“, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.
25 იანვარს მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და, რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ნატო-დან ხორვატ ჯარისკაცებს გაიწვევს.
მეორე დღეს უკრაინის საგარეო უწყებამ მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და მილანოვიჩის მაგივრად ეს ქვეყნის პრემიერმინისტრმა გააკეთა.