რატომ მყარდება ლარი – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

რატომ მყარდება ლარი? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ლარის გამყარებას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს.

„დღეს რაც ყველაზე უფრო შესამჩნევია, ესაა ლარის კურსის გამყარება. ჩვენ ვნახეთ, რომ საქსტატმა წლიური ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემი გამოაქვეყნა, რაც საკმაოდ მაღალია, ორნიშნაა – 10, 6 %. კურსი არ არის რომელიმე ცალკეული ფაქტორის ლარზე ზეგავლენა. ესაა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები კომპლექსში, რომლებმაც ლარის კურსის გამყარება გამოიწვია. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ლარის კურსის გამყარების დინამიკა უკვე დეკემბრიდან იყო თვალშისაცემი. ვიცით, რომ დეკემბერში წინასწარი პროგნოზით უკვე ვიცოდით, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა. პროგნოზი, რომელიც 10, 7 % იყო, ფაქტობრივად, ახდა კიდეც – 10, 6 % გვქონდა. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს სწრაფი ზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა რეცესიული შოკიდან, რომელიც 2020 წელს გვქონდა, როცა პანდემიური კრიზისი იყო, ფაქტობრივად, გამოსულია. ჩვენ გვაქვს არა მარტო გასულ წელთან შედარებით მაღალი ზრდა, არამედ მან 2019 წელიც გადაფარა. ზოგადად, ყველა ის პარამეტრი, ზრდაში რაც არის ასახული, კურსზეც შესაბამისად აისახა.
პირველი – ესაა ექსპორტი, ამ წელს ექსპორტის სარეკორდო ზრდა გვაქვს, როგორც გასულ წელთან, ისევე 2019 წელთან მიმართებით. სარეკორდოდაა გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი, 3 მილიარდ დოლარს გადასცდა. ეს უფრო მეტ სავალუტო შემოდინებაში აისახა, ასევე, პოზიტიურად იმოქმედა ლარის კურსზეც.
მეორე ფაქტორი, რაც შეიძლება,  კურსთან დაკავშირებით გვქონდეს, ესაა ფულადი გზავნილები, რომელიც საკმაოდ გაზრდილია – 25 %-ით. ვიცით, რომ ესეც უცხოური ვალუტის შემოდინების ბალანსში პირდაპირ მონაწილეობს.
მესამე ფაქტორი ტურიზმია. ტურიზმი გასულ წელთან შედარებით 58 %-ითაა აღდგენილი.
ესაა ვალუტის შემოდინების 3 ძირითადი წყარო.
მეოთხე ფაქტორი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა, რომელიც კურსზე ზემოქმედებს.
ამ მაკროფაქტორებმა ლარის გამყარება გამოიწვია“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, მაღალი იყო ინფლაცია, თუმცა, არსებული პროგნოზით, წელს ფასები ყველგან დაიკლებს. როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, წლის ბოლოს ინფლაციის გაცილებით დაბალი დონე გვექნება.
„მეორე თემა, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, ფასები, ინფლაციაა. ბუნებრივია, ეკონომიკური მაღალი ზრდა კარგია, კურსის დინამიკაც კარგი გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ინფლაცია მაღალი იყო, წლიური ინფლაცია დაახლოებით 12,5 %-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასები გაზრდილია. პირველ ყოვლისა, პირველადი მოხმარების საქონელს და სასურსათო პროდუქციას ვგულისხმობ. ინფლაცია მაღალი იყო, პრაქტიკულად, ყველგან, რეგიონის ქვეყნებში, 8, 5% -ზე ნაკლები არსად ყოფილა. თურქეთზე არაა საუბარი,სადაც ლირის გაუფასურების გამო ინფლაცია 30 %-მდეც კი იყო ასული. ინფლაცია მაღალი იყო ჩვენს ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, საიდანაც იმპორტი გვაქვს. ესენია უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი. მსოფლიოში გლობალურად, პირველ ყოვლისა, ფასები კატასტროფულად სასურსათო პროდუქციაზე იყო გაზრდილი. ნოემბერ- დეკემბერში 30%-ითაც კი იყო მომატებული. ზოგადად, ფასების ზრდა კოვიდპანდემიური შოკის ერთ-ერთი ელემენტია.
პროგნოზი არის ის, რომ ამ წელს ფასები ყველგან დაიკლებს, გლობალურ ბაზრებზე, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. შესაბამისად, ინფლაციის იმპორტიც შემცირდება. წელს არის პროგნოზი, რომ წლის ბოლოს ინფლაციის გაცილებით დაბალი დონე გვექნება, დაახლოებით, მიზნობრივთან ახლოს, ალბათ 3-4 % მაჩვენებელზე. რასაც ხელს ასევე ლარის კურსის გამყარება უწყობს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფასების გაპროტესტების დღევანდელ აქციას ოთხ ქალაქში, ეს მთლიანად პოპულისტურ და სპეკულაციურ ხასიათს ატარებს, გამომდინარე მაღალი ინფლაციის გამომწვევი ეგზოგენური ფაქტორებიდან, რაზეც უკვე დეტალურად ვისაუბრე. პარტია, რომელსაც პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე აქვს, ბოლო ორი წლის მანძილზე დაკავებული იყო ბოიკოტით და დესტრუქციით, სოციალურ თემატიკაზე პოზიციონირების სურვილიც არ ჰქონიათ, მიუხედავად მძიმე პანდემიური და პოსტპანდემიური წლებისა.
ასევე დავამატებ, რომ თავად ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც პოზიტიურია. უახლოეს წლებში ესაა დაახლოებით 6, 5 %. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვექნება . წლევანდელი 10, 6 % ყველზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონშიც და ევროპაშიც, ირლანდიის შემდეგ. ირლანდიაში 11, 5 %-ია.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც შეიძლება, ცალკე გამოვყოთ, ეს წლევანდელი ზრდის პროგნოზია. ჩემი შეფასებით, წელსაც საკმაოდ მაღალი ზრდა გვექნება, არათუ 6, 5%, არამედ, შეიძლება უფრო მაღალიც იყოს – 8, 5-9 %”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0451 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4282 ლარს შეადგენს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები