სახელმწიფო დეპარტამენტს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება სურს – პენტაგონის ხელმძღვანელი ევროპაში მიემგზავრება
აშშ-ს სურს, გააძლიეროს ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი. პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი გაემგზავრება ევროპაში, ალიანსის მოკავშირეებთან შესახვედრად, რუსული აგრესიის ახალი ტალღის საფრთხის ფონზე.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„თქვენს პირველ კითხვაზე, ხომ არ დადგა დრო, გავაძლიეროთ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი, პასუხია: ნამდვილად არის დრო“, – თქვა პრაისმა.
მისი თქმით, პენტაგონმა უკვე გასცა ბრძანება, რომ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი იყოს მზადყოფნაში, თუ მათ ჩრდილოატლანტიკური საბჭო გაიწვევს.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები თანამშრომლობს ნატო-ს პარტნიორებთან, კერძოდ, აღმოსავლეთ ფლანგზე, რათა მზად იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ახალი ტალღის შემთხვევაში. მაგალითად მან მოიყვანა აშშ-ის სწრაფი ნებართვა ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, რომ უკრაინას ამერიკული იარაღი მიაწოდონ.
აღინიშნება, რომ ლოიდ ოსტინი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც იენს სტოლტენბერგი 16-17 თებერვალს გამართავს.