ჯანდაცვის მინისტრი: წამლების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წელს საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წელს საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება.
მისივე თქმით, აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარამდე თანხა უკვე გამოყოფილია.
„როგორც გახსოვთ, 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2022 წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ასევე იმპორტიორი, თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორებს ვთხოვთ GMP სერტიფიკატს. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, ჩვენ საქართველოში მიმდინარე წელს შევქმნით წამლის ლაბორატორიას და ამისთვის გარკვეული თანხა, 6 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია და დაწყებული გვაქვს პროცესი ამ ლაბორატორიის უმოკლეს ვადაში მოსაწყობად”, – განაცხადა აზარაშვილმა.