გურამ მაჭარაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: არ მგონია, მათ პარლამენტში რაიმე პოზიტიური შემოიტანონ
“აღარ ვიცი, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მერამდენე შემოსვლაა. ალბათ, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ვერ მიხვდებიან, პარლამენტში მათი მერამდენე შესვლა-გასვლაა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიას რადიკალური დღის წესრიგი აქვს.
„მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. ნეტავ, ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია, მათ პარლამენტში რაიმე პოზიტიური შემოიტანონ. გამიხარდება, თუ მათი მხრიდან რეალური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყება. სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ძალას ის ბუნება არ აქვს, რომ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობაში იყოს. აქამდე, მათი მხრიდან პლენარული სხდომის მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა ვიხილეთ. ვერცერთ კანონპროექტს ვერ დამისახელებთ, რომელიც მათ წარმოადგინეს და დისკუსია გაიმართა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.