ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაციაა

ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაციაა, ამიტომ ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია „პეისი” 30 წელია წარმატებით საქმიანობს და მის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს.

პრემიერ-მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელ სოსო დოლიძეს მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა, მას და მის თანამშრომლებს კომპანიის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი, მასშტაბური პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ კომპანია „პეისი” წარმატებით საქმიანობს უკვე 30 წელია, დღეს არის ამ კომპანიის იუბილე და ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას შეადგენს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ
ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობაც გამოიჩინა, მშენებლობის ფარგლებში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მოსახლეობისთვის.
მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანია „პეისს” და თითოეულ თანამშრომელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები