ვლადიმერ ბოჟაძე: „კახაბერ ილურიძეს ორი ბინა აქვს ვაკეში და ავტოსადგომიც, შესაბამისად არც უსახლკაროა და არც ღარიბ-ღატაკი“

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მუნიციპალური ინსპექციის მიერ  ორხევში განხორციელებულ სახლის დემონტაჟს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრი წერს, პოლიტიკური პარტიები, ემოციების და ფაქტების მანიპულაციით,  ქულების დაწერას ცდილობენ და სიმართლეს მალავენ. ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, კახაბერ ილურიძე, რომლის უკანონოდ აშენებული სახლის დემონტაჟიც დღეს განხორციელდა, არ გახლავთ უსახლკარო და იგი ვაკეში ორი ბინის და ავტოსადგომის მფლობელია.  ვლადიმერ ბოჟაძის განმარტებით, კახაბერ ილურიძეს, როგორც 2015 წელს  თბილისის სტიქიით დაზარალებულს, კომპენსაციის სახით 350 000 ლარზე მეტი აქვს აღებული.

„მძიმე სოციალური სიტუაციის ფონზე, საზოგადოება ძალიან მტკივნეულად აღიქვამს კანონის აღსრულებას, უკანონო შენობების დემონტაჟს. პოლიტიკური პარტიებიც, ემოციების და ფაქტების მანიპულაციით, ცდილობენ ქულების დაწერას და სწორედ ამის უკან იმალება ხშირად სიმართლე, სიმართლე როცა კონკრეტული ადამიანები ცდილობენ უკანონოდ დაისაკუთრონ ქონება. ჩემი ინფორმაციით, კახაბერ ილურიძეს 2015 წელს, როგორც თბილისის სტიქიის დროს დაზარალებულს, კომპენსაციის სახით 350 000 ლარზე (160 000 დოლარი) მეტი აქვს აღებული. ორი ბინაც აქვს ვაკეში და ავტოსადგომიც, შესაბამისად არც უსახლკაროა და არც ღარიბ-ღატაკი. რომც იყოს ეს არ აძლევს მას უფლებას უკანონოდ მიისაკუთროს სახელმწიფოს კუთვნილი მიწა და ასევე უკანონოდ ააშენოს შენობა-ნაგებობა. თუ ზემოთ აღნიშნული პიროვნება, ან ნებისმიერი სხვა მოქალაქე აკმაყოფილებს უსახლკაროს სტატუსისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,  მერია მზად არის დააკმაყოფილოს საცხოვრისით, ქუჩაში არავინ დარჩება“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები