ლავროვი – აშშ-ისა და ნატო-ს პასუხებზე: ალიანსის არგაფართოებაზე დადებითი რეაქცია არ არის
რუსეთი “უსაფრთხოების გარანტიებთან” დაკავშირებით შეერთებული შტატებისა და ნატო-ს წერილობით პასუხებს უახლოეს დროში გამოაქვეყნებს.
როგორც რუსეთის პირველმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა თქვა, მოსკოვი ამჟამად დოკუმენტებს სწავლობს.
”ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი უსაფრთხოების გარანტიებზე შესაძლებელს ხდის სერიოზული საუბრის დაწყებას, მაგრამ – მეორეხარისხოვან თემებზე,” – თქვა მან.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მალე გაუგზავნის კითხვას შეერთებულ შტატებს, “თუ რატომ არ ასრულებს დასავლეთი თავის ვალდებულებას, არ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე”, რადგან მიღებულ პასუხებში არ არსებობს „დადებითი რეაქცია მთავარ კითხვაზე ნატო-ს გაფართოების დაუშვებლობის შესახებ“.
აშშ-ისა და ნატოს პასუხებზე რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია უფრო დეტალური კომენტარი, რადგან ისინი ჯერ კიდევ სწავლობენ დოკუმენტებს.
2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატო-ში გაგზავნილ “უსაფრთხოების შესახებ” დოკუმენტებზე პასუხი მოსკოვმა მხოლოდ გუშინ მიიღო.
სხვა მოთხოვნებთან ერთად, კრემლი ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს, ასევე, უკან გაიწვიოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრი ქვეყნები გახდებიან.
26 იანვარს, რუსეთისთვის საპასუხო დოკუმენტის გაგზავნის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამოაქვეყნებს თავის წერილობით პასუხს და მოუწოდა რუს დიპლომატებს, თავადაც არ გამოაქვეყნონ დოკუმენტი.
“ჩვენ არ ვაქვეყნებთ ამ დოკუმენტს, რადგან გვჯერა, რომ დიპლომატიას აქვს წარმატების საუკეთესო შანსი, თუ ჩვენ შევქმნით პირობებს კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ და ველით, რომ რუსეთი დაიცავს იმავე თვალსაზრისს და სერიოზულად მიიღებს ჩვენს წინადადებას”, – განაცხადა ბლინკენმა.