მედვედევი კრემლის წინააღმდეგ? – “ვენესუელასა და კუბაზე ბაზებს ვერ განვათავსებთ”
რუსეთს არ შეუძლია თავისი სამხედრო ბაზების განთავსება კუბასა და ვენესუელაში, რადგან ეს ეწინააღმდეგება ამ სახელმწიფოების ინტერესებს, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსულ მედიასთან საუბარში.
„კუბა, ვენესუელა ჩვენთან ახლოს მყოფი ქვეყნებია, ჩვენი პარტნიორები, ქვეყნები, რომლებიც ატარებენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. მაგრამ ისინი აბსოლუტურად სუვერენული ქვეყნებია. ჩვენ მათ ტერიტორიაზე არაფრის განთავსება არ შეგვიძლია უბრალოდ იმიტომ, რომ ეს უნდა შეესაბამებოდეს მათ გეოპოლიტიკურ პოზიციებს, მათ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მან.
ჰავანას და კარაკასს სურთ, გამოვიდნენ იზოლაციიდან და დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან.
„ამიტომ, აქ არ შეიძლება, საუბარი იყოს რაიმეს მიწოდებაზე ან რაიმე სახის ბაზის შექმნაზე, როგორც ეს კეთდებოდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც ჩვენ გვქონდა ერთიანი სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ეფუძნებოდა ერთ იდეოლოგიას მთელ რიგ ქვეყნებთან“, – განაცხადა მედვედევმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ასეთი საუბრები მსოფლიოში დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს.
“ჩვენ გვაქვს გარკვეული შეთანხმებები ზოგიერთ სახელმწიფოსთან ჩვენი ჯარების იქ ყოფნის შესახებ – იგივე სირიასთან. მაგრამ მოვლენების გასწრება და იმაზე ლაპარაკი, რომ გვინდა აქ ბაზა, ან ამაზე შევთანხმდით – აბსოლუტურად არასწორია,” – დაასკვნა მან მედვედევმა.
ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი რიაბკოვმა “არ დაადასტურა და არც უარყო”, რომ, დასავლეთთან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესახებ მოლაპარაკების ჩავარდნის შემთხვევაში, მოსკოვი კუბასა და ვენესუელაში რაკეტების განლაგებაზე დაფიქრდება.
დიპლომატმა თქვა, რომ არ სურს ასეთი შესაძლებლობის “არც დადასტურება და არც გამორიცხვა და რომ ყველაფერი ამერიკელ კოლეგებზეა დამოკიდებული”.