გიორგი კალანდარიშვილი: დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ყველამ ვიმოქმედოთ კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც მასში წერია, 27 იანვარს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას ის წარუდგენს სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტებს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომი განვითარების მიზნით.

მისივე თქმით, ის პარლამენტს ცესკოს მიერ უმოკლეს ვადებში განხორციელებულ აქტივობებს გააცნობს, რამაც 2021 წლის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო.

„ცესკოს თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი კი არ უნდა გახდეს კიდევ ერთი პოლიტიკურად აქტიური თემა, რისი ცალსახა მცდელობაც შეინიშნება ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული განცხადებების თუ კომენტარების სახით.

როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად ნეიტრალური თავმჯდომარე, ვთხოვ კონკურსანტებს და სხვა დაინტერესებულ პირებსაც, არ აჰყვნენ აშკარა პოლიტიკურ განცხადებებს და იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად.

ხვალ პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. იურიდიული კომიტეტის სხდომა საჯაროა და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასე რომ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მიიღოს დეტალური ინფორმაცია კანდიდატების, მათ შორის ჩემი, სამოქმედო გეგმის შესახებ. აქედან გამომდინარე დებატებზე აპელირება მაშინ, როცა კანდიდატების მოსმენა ყველასათვის ხელმისაწვდომია, შესაძლებელია გახდეს კიდევ უფრო მეტად საფუძველი თემის პოლიტიზებისა.

დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ყველამ ვიმოქმედოთ კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით.

საარჩევნო ადმინისტრაციის და ჩემი, როგორც ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, საქმიანობა ყოველთვის არის ღია და გამჭვირვალე. მე კი კონკურსის ფარგლებშიც გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის და სამომავლო გეგმების თაობაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების წარმართვაში შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები