“ეს მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია” – სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა. როგორც “სოლიდარობის ქსელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებით დასრულდა.
„ გაფიცვა და კოლექტიური ბრძოლა მოლაპარაკებით დასრულდა. ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები – ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობებდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას.
ჩვენ ვასრულებთ გაფიცვას შემდეგი პირობებით:
15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება; მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას; გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო; სოც.აგენტები და უფროსი სოც.აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით; გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის; უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;
ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!” – ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.