“ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნას გამოიტანს და რუსეთის მიმართ დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რჩებიან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული.

ამავდროულად, უწყებაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნას გამოიტანს და რუსეთის მიმართ გაცილებით დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 2021 წლის საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების პასუხად არის ნათქვამი.

კითხვაზე, როდის იგეგმება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, ხომ არ კარგავთ ქართველ ხალხთან კავშირს იმის გათვალისწინებით, რომ აკრძალვის პირობებში „სახალხო დიპლომატია“ პრაქტიკულად არ მუშაობს? უწყებაში პასუხობენ, რომ “ავიამიმოსვლის აღდგენა დროებით ხასიათს ატარებს და ქართული მხარისთვის მისი გაუქმების პირობები კარგად არის ცნობილი”.

“ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრაზე. ასევე, არ შეიძლება, უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

რუსეთი იძულებული გახდა, მიეღო ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ. ამავდროულად, ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული – ეს ყველაფერი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაკვეთილებს გამოიტანს წარსულიდან და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები