ჯო ბაიდენი: უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თანამდებობაზე ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას თქვა, რომ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსული ბანკები ვერ შეძლებენ დოლარში ტრანზაქციების განხორციელებას.

მისი თქმით, რუსეთი იქნება პასუხისმგებელი, თუ ის უკრაინაში შეიჭრება, მაგრამ ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, იქნება ეს ლოკალური ოპერაცია თუ კიდევ სხვა რამე.

„პუტინს არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, როგორისაც მე დავპირდი, რომ დავაწესებდი“, – თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ  უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი.

„მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი. მეორეც, სურს თუ არა პუტინს, ჩემი აზრით, მოსინჯოს დასავლეთის, შეერთებული შტატების და ნატო-ს რეაქცია შესაძლო აგრესიაზე? დიახ, ვფიქრობ, ის ჩვენს მზადყოფნას ცდის“, – თქვა მან.

ბაიდენის აზრით, უკრაინაში სტრატეგიული იარაღის არგანლაგების საკითხზე რუსეთს და ნატო-ს შეუძლიათ, “რაღაცამდე მივიდნენ”.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა დაბალია იმის გამო, რომ ყველა მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. ამავე დროს, მისი თქმით, აშშ არ აპირებს ევროპაში სამხედრო კონტიგენტის ყოფნის შემცირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები