ჰერმან საბო – სააკაშვილზე: უმჯობესია, მისი გარემოცვა რეალურ წარმოდგენას აძლევდეს, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა არ წყვეტს ქვეყნის არსებობა-არარსებობას

“მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი გარემოცვის დამოკიდებულება, თითქოს, ის რაღაც აღმატებული არსებაა და ჩვენ, ყველა ჩვეულებრივი ადამიანები, დათვური სამსახურია ისევ სააკაშვილის მიმართ”, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ განაცხადა, რომელიც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ექსპრეზიდენს სამყაროზე რეალურ წარმოდგენას უქმნიდეს, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა ქვეყნის არსებობა-არარსებობას არ წყვეტს.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი გარემოცვის აღმატებული განცხადებები და მის მიმართ დამოკიდებულება, თითქოს, ის რაღაც აღმატებული არსებაა და ჩვენ, ყველანი ლილიპუტები ან ჩვეულებრივი ადამიანები, დათვური სამსახურია ისევ სააკაშვილის მიმართ, რადგან მას ასეთი დამოკიდებულება ტოვებს იმ გამრუდებული სამყაროს წარმოდგენაში, თითქოს, რაიმე განსაკუთრებული როლი აკისრია დღევანდელი საქართველოსთვის, რაიმე მისია აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს და თუ ეს მისია არ სრულდება, ყველაფერი საშინელებისკენ მიდის, ქვეყანა ტრაგედიის წინაშე დგება. უმჯობესი იქნებოდა, ამის ნაცვლად, მისი გარემოცვა რეალურ წარმოდგენას აძლევდეს სამყაროზე, რომ ის ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომლის პოლიტიკაში ყოფნა ან არყოფნა არ წყვეტს ქვეყნის არსებობა-არარსებობას..
ფატალიზმი და დამოკიდებულება, რომ რაღაც დღეს არ მოხდა, დაღუპულები ვართ, არის ძალიან სახიფათო იარაღი პოლიტიკაში, რადგან თუ ამას ხშირად გამოიყენებ, ადამიანები ხვდებიან, რომ გულწრფელი არ იყავი არც ერთ წინა შემთხვევაში და შემდეგ აღარ აქტიურობენ, აქციაზე არ გამოდიან. მიხეილ სააკაშვილი ასეთი მოწოდებებით, რომ კონკრეტულ თარიღზე თუ არაფერი მოხდება, ქვეყანა სამუდამოდ ჭაობში ჩაეშვება, დათვურ სამსახურს უწევს საკუთარ თავსაც და პოლიტიკისგან ხალხს ადისტანცირებს, რაც ცუდია ოპოზიციისთვის და გადაავადებს ხელისუფლების არჩევნებით შეცვლას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების განცხადებებსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ საქართველოში რომ ჩამოვიდოდა, მოსახლეობის ნახევარი ქუჩაში გავიდოდა და მისთვის ხელის ხლების უფლებას არავის მისცემდა. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნისას ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეიძლება, მარტივი იყოს. ციხე იმისთვის არის, რომ ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო და რაღაცის გამო დასაჯო, მაგრამ არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნას, თუმცა ნამდვილად ვუჭერ მხარს, იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა არ მიეცეს“, – განაცხადა საბომ.

ჰერმან საბომ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც მან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობას ვერ ხედავს.

„რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე პასუხი მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, როცა ქუჩაში გაივლით. თუ ნახავთ მუხტს, რომ ადამიანები ძალიან გაბრაზებული არიან რამეზე, მაშინ შეგიძლიათ, თქვათ, რომ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არსებობს. დღეს ასეთ წინაპირიბებს ვერ ვხედავ. ფაქტია, რომ ოპოზიცია პარლამენტსა და საკრებულოებში შევიდა. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის პიროვნულ სურვილზე არ არის დამოკიდებული – ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და დღესდღეობით ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და საპარლამენტო რესპუბლიკების ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, რომ თუ სხვადასხვა კრიზისი იქმნება, ამ კრიზისების განმუხტვის ყველაზე მარტივი გზა პარლამენტის ვადამდელი არჩევნებია. ფაქტია, რომ დღეს ასეთი კრიზისი სახეზე არ გვაქვს – თუ გვექნება, არც ვადამდელი არჩევნების ჩატარებაშია პრობლემა“, – თქვა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები