ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების მხარდამჭერი მდუმარე აქცია მიმდინარეობს
ჯანდაცვის სამინისტროსთან თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მდუმარე აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილდნენ.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.