იოსებ ჭუმბურიძე: ამათ სამინისტრო „ფოჩიანი კამფეტების” დამრიგებელი უწყება ჰგონიათ
“მე რომ წიგნის შემდგენელი ვყოფილიყავი, ანა კალანდაძის უცნობილესი ლექსი ვერ მეცნო და ის ელენე ბაქრაძისთვის მიმეკუთვნებინა, ქუდს დავიხურავდი და სახლში წავიდოდი”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ეს ფაქტი ამერიკიდან შევიტყვე. კი, ამერიკიდან. იქ მცხოვრები ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე, ნინო დარბაისელი აღშფოთებას ვერ მალავდა.
იქვე იყო ანას უსაყვარლესი ძმისწულის ქეთი კალანდაძის კომენტარი: „გაგიჟება შეიძლება”…
რა მოხდა? მოხდა ის, რომ ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის(დარიანი) წიგნი, სადაც ანა კალანდაძის ორი ლექსიც შეიტანა.
ანუ ანას ლექსები ელენეს მიაკუთვნეს. მათ შორის, ერთი იმდენად ცნობილი და ანასეულია, რომ სხვისი ყველაზე უბირსაც რომ არ უნდა მოეჩვენოს.
წიგნის შემდგენელი, არც მეტი, არც ნაკლები, მუზეუმის დირექტორია – ლაშა ბაქრაძე.
ნინო დარბაისელმა ღია წერილით მიმართა კულტურის მინისტრს და უსწრაფესი და უმწვავესი რეაგირება მოითხოვა.
მე კი მივწერე ნინოს, მინისტრი რა შუაში-მეთქი, მაგრამ ჩემი გულუბრყვილობა სასაცილოდ არ ეყო და მყისვე მიპასუხა, – თავშიაო.
სამინისტრომ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.
აღშფოთდნენ და აღავღავდნენ „დემოკრატები” – ეს რა საბჭოთა განცხადებააო?!
ეს „დემოკრატები”, სულ სამიოდე თვის წინათ, ოთხი ტელეარხით, სრულიად უსაფუძვლოდ მლანძღავდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ჟიურის წევრი ვიყავი. ის კონკურსი რომ შემდგარიყო და, როგორც ჟიურის წევრს, რაიმე დამეშავებინა, კიდევ ჰო, მაგრამ ჯვარს მაცვეს არჩადენილი ცოდვისთვის…
ეს კი, თურმე, არაფერია – ანა კალანდაძის ლექსები ელენე ბაქრაძეს მიაკუთვნეს და მერე რა მოხდაო, სამინისტრომ განცხადება რატომ გაავრცელაო?!
ქალბატონ თეა თვალავაძეს (წიგნის რედაქტორს) რომ მიეფერა, ეს ვერ შენიშნეს, თურმე, სამინისტროს იმის უფლებაც არ ჰქონია, რომ მუზეუმის ხელმძღვანელს დაელაპარაკოს, რათა ასეთი სამწუხარო შეცდომები მომავალში მაინც გამოირიცხოს.
ამათ სამინისტრო „ფოჩიანი კამფეტების” დამრიგებელი უწყება ჰგონიათ, აი, ისე, რურუას დროს რომ ურიგებდნენ, ოღონდ მხოლოდ მათ, ტაშის დამკვრელებს.
ახლა კი მთავარი:
მე რომ ამ წიგნის შემდგენელი ვყოფილიყავი, ანას უცნობილესი ლექსი ვერ მეცნო და ის ელენე ბაქრაძისთვის მიმეკუთვნებინა, ქუდს დავიხურავდი და სახლში წავიდოდი.
მაგრამ ქუდი რომ დაიხურო, თავი უნდა გქონდეს”, – წერს ჭუმბურიძე.
კულტურის სამინისტროს განცხადებით, ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის წიგნი, სადაც ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. უწყება მუზეუმისგან მოითხოვს, რომ აღნიშნული გამოცემის გავრცელება შეწყდეს.