პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ათაულა ტარარმა განაცხადა, რომ პაკისტანთან საზღვარზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 36 ავღანელი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო ორმხრივ სროლას ორი პაკისტანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
„ამჟამად დადასტურებული ინფორმაციით, პაკისტანის არმიის ოპერაციის დროს 36 ავღანელი „თალიბი“ მებრძოლი დაიღუპა, ბევრი კი დაიჭრა. სამშობლოს დაცვისას ორი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო სამი – დაიჭრა“, – აღნიშნა ტარარმა.
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ კვირას პაკისტანმა ავღანეთის ნანგარჰარისა და პაკტიკას პროვინციების რაიონებში საჰაერო იერიშები განახორციელა, რის შედეგადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა და დაიჭრა.
პარასკევს საღამოს, ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ დაბომბვების საპასუხოდ, მათ პაკისტანის ძალების ცენტრებისა და ობიექტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევითი სამხედრო ოპერაციები დაიწყეს.