თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა.
საკრებულოს ცნობით, დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს.
„ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, „კონტაქტი“ არ არის მხოლოდ თეატრი, ეს არის სივრცე, სადაც განსხვავებულობა ძალად იქცევა.
„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ თბილისის საკრებულო მასპინძლობს ინკლუზიურ თეატრს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ხელოვნებას არ აქვს ბარიერები და ნამდვილი შემოქმედება ყველას აერთიანებს. „კონტაქტი“ არ არის მხოლოდ თეატრი. ეს არის სივრცე, სადაც განსხვავებულობა ძალად იქცევა. მსახიობების ერთიანობა, უნიკალური სპექტაკლები, საერთაშორისო აღიარება და მნიშვნელოვანი წარმატებები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი პოტენციალია ადამიანებში, როდესაც მათ თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ. თბილისის საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ადამიანების ინტეგრაციას, თანასწორობასა და კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის შალვა სუთიაშვილის განცხადებით, ამ ღონისძიების მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობისთვის, თვითგამოხატვისთვის და განვითარებისთვის.
„განსაკუთრებით მიხარია, რომ თბილისის საკრებულოს აქტიური მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება კეთილ საქმეში. დღევანდელი პერფორმანსი, დასის წევრთა ნამუშევრების გამოფენა და მინი-სპექტაკლი, რომელმაც თითოეული ჩვენგანი ემოციურად დამუხტა — არ არის მხოლოდ წარმოდგენა. ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობისთვის, თვითგამოხატვისთვის და განვითარებისთვის. მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოებრივ ცნობიერებას, ხელს შეუწყობს ინკლუზიური ღირებულებების დამკვიდრებას და მოგვცემს მოტივაციას, ერთად გავაგრძელოთ გზა, სადაც თითოეული ადამიანი ფასეულია, მიღებულია და მხარდაჭერილია“, – განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
ღონისძიების მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, მათში შემოქმედებითი და პროფესიული უნარების განვითარება/წარმოჩენა და მათი კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პროფესიონალი მხატვრების მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და ფოტოგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა.
ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2013 წლიდან წარმატებით საქმიანობს. დასში გაერთიანებული არიან დრამისა და პანტომიმის პროფესიონალი და აგრეთვე სპეციალური საჭიროების მქონე მსახიობები. თეატრის რეპერტუარში ამ ეტაპზე 10 საავტორო სპექტაკლია, მათ შორის პეკინის დრამატულ ფესტივალზე წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელმაც თეატრს პირველი საერთაშორისო წარმატება მოუტანა.
2022 წელს თეატრის მთავარ რეჟისორს მიენიჭა ღირსების მედალი ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თვითრეალიზაციის ხელშეწყობისთვის.
2025 წელს „კონტაქტი“ გახდა მსოფლიოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრი, რომელიც გაწევრიანდა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) საერთაშორისო თეატრალურ ინსტიტუტში ITI“, – ნათქვამია თბილისის საკრებულოს ინფორმაციაში.