სახალხო დამცველი: მზად ვართ, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შევასრულოთ

“ჩემი სურვილია, აქ მცხოვრებ პირებს დავეხმარო პრობლემის მოგვარებაში. დევნილებს და სამინისტროს შორის კომუნიკაციის დეფიციტიც არსებობს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ყოფილ სანატორიუმ „ქართლის” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ომბუდსმენი “ქართლთან” მომხდარ უბედურ შემთხვევასაც გამოეხმაურა.

„ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები ისმოდა – კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მით უმეტეს, რომ მე გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, ჰქონდა ურთიერთობა წინა დღეებში და ამ შემთხვევის თვითმხილველები არიან. მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. დაველოდები გამოძიებას, თუმცა, ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, გარემოებები ამაზე არ მიუთითებს. ჩემი სურვილია, აქ მცხოვრებ პირებს დავეხმარო პრობლემის მოგვარებაში. დევნილებს და სამინისტროს შორის კომუნიკაციის დეფიციტიც არსებობს. სახალხო დამცველი და ჩემი აპარატი მზად ვართ, შევასრულოთ მათ შორის მედიატორის როლი. ვუკეთებ შეთავაზებას ჯანდაცვის მინისტრს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევხვდეთ და გავისაუბროთ. ჩვენ წლებია ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ვიცით სპეციფიკა და დეტალები მსგავსი პრობლემების. მზად ვარ იმისათვის, რომ ჩავერთო მოლაპარაკებებში სამინისტროსთანაც, მოვისმინო მათი პოზიციები, გადავცეთ დევნილების მოსაზრებები და პრობლემები“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

ცნობისთვის, 16 იანვარს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის მაღალი სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები