ზურაბ ქადაგიძე: სასამართლოს შიგნით პროტესტის მორიგი „ტალღა“ მზადდება

“როგორც ჩანს, ახლა სასამართლოს შიგნით პროტესტის მორიგი „ტალღა“ მზადდება. ამ ყველაფრის ბანალურ მიზეზად კი წინა წლის ბოლოს სასამართლოს კანონმდებლობაში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას ასახელებენ”, – ამის შესახებ ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სასამართლო ამბოხის ქრონიკები“
(გაგრძელება)
როგორც 2 თვის წინანდელ წერილში აღინიშნა, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები სასამართლო სისტემის პოლიტიკურ პროცესში ჩათრევა დაიწყეს, რაშიც იყენებენ კონკრეტულ მოსამართლეებს, მათ შორის აქტიურ და წამყვან როლს ასრულებს განაწყენებული მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი (რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა არ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ) და მისი მეუღლე – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით მესხიშვილი. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან ამ „პროტესტის“ კოორდინირება.

ახლა როგორც ჩანს პროტესტის მორიგი „ტალღა“ მზადდება სასამართლოს შიგნით. ამ ყველაფრის ბანალურ მიზეზად კი წინა წლის ბოლოს სასამართლოს კანონმდებლობაში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას ასახელებენ. მათ წერილიც კი გაავრცელეს (14 მოსამართლის ხელმოწერით), სადაც ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. მთავარი, რაც მათთვის მიუღებელია, რომ იკრძალება მოსამართლის საჯარო განცხადებებში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა ანუ მარტივი დათქმა, რაც ისედაც ვალდებულია მოსამართლემ დაიცვას და ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სასამართლოს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ამ ჯგუფისთვის იქცა თურმე მიუღებლად. ანუ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ პოლიტიკურ შინაარს ატარებს მათი ვითომდა „დამოუკიდებლობისთვის“ ბრძოლა და უფრო მეტიც, სწორედ ამ მიმართულებით აპირებენ ისინი შემდგომ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას და ამ შემთხვევაში ამუშავდა ძველი გამონათქვამი „ქურდს ქუდი ეწვის“.

ახლა სარკისებურად შემოვაბრუნოთ რაკურსი და კიდევ უფრო მკაფიო გახდება ყველაფერი: ყოფილმა ხელისუფალმა და ქვეყნის პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი წლის დღეებში პირველი გზავნილი, რაც კი შემოთვალა თავის ახალ ადვოკატთან გიორგი მშვენიერაძესთან შეხვედრის შემდეგ, 5 იანვარს ეს იყო სწორედ მოსამართლეების და პროკურორების ე.წ. „შავი სიის“ შედგენა და „ხალხის მტრებად“ მათი გამოცხადება. შეგახსენებთ, რომ წინა წერილში მე აღვნიშნე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოსამართლეების ამბოხის კოორდინაციას სწორედ მშვენიერაძე და მისი მეუღლე გვანცა წულუკიძე ახდენენ და ამ ჯერზეც ეს დადასტურდა. უბრალოდ, პრიმიტიულად შეეცადნენ ამ ყველაფრის შეფუთვას და ახალი წლის პირველივე შეხვედრა სააკაშვილს ჰქონდა 5 იანვრის დილას მშვენიერაძესთან (https://www.interpressnews.ge/…/690974-advokati-mixeil…) და სწორედ მან დაარწმუნა ამ გზავნილის გაჟღერების საჭიროებაში (რომ მეამბოხე მოსამართლეები განმტკიცებულიყვნენ, ხოლო სასამართლოში დანარჩენები დაშინებულიყვნენ), თუმცა ეტყობა მოერიდა საკუთარ „ლუსტრაციას“ და ეს გზავნილი გააჟღერებინეს იმავე დღეს მოგვიანებით შესულ ეკონომიკის ექსპერტ რომან გოცირიძეს, რომელსაც არასოდეს სამართლებრივ საკითხებზე არ უსაუბრია და შემხებლობაც კი არ ჰქონია. უფრო მეტიც, წინასაახალწლოდ გაჟღერებული იყო, რომ სააკაშვილი ახალ ეკონომიკურ კონცეფციაზე მუშაობს და გოცირიძისთვისაც მოულოდნელად, ციხიდან გამოსვლისას მოუწია საუბარი არა ეკონომიკაზე, არამედ მოსამართლეების შავ სიაზე (https://www.palitravideo.ge/…/139536-es-sia-unda…). იმავე დღეს კი, მოგვიანებით უკვე გავრცელდა სააკაშვილის (და რეალურად მშვენიერაძის მიერ შედგენილი და ციხეში შეტანილი) ოფიციალური მიმართვა ამ „შავ სიებზე“ და მოსამართლეების და პროკურორების „ხალხის მტრად“ გამოცხადების თაობაზე, საბჭოთა კავშირის 30-იანი წლების რეპრესიების ცნობილი ტერმინოლოგიის გამოყენებით ((https://1tv.ge/…/mikheil-saakashvili-mosamartleebs…/). ამ, ასე ვთქვათ, სააკაშვილი-მშვენიერაძის ხრიკზე არ ვისაუბრებდი, რომ არა იგივე ამ „ამბოხებული“ მოსამართლეების სიჩუმე სწორედ ამ ფაქტზე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი (რომელიც გამორჩეული იყო და „გამოცდილი“ იყო სწორედ რეპრესიებით და მოსამართლეების გაყრა-დამორჩილებით და დევნით მთელი თავისი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში) ღიად აანონსებს მათივე კოლეგა-მოსამართლეების შავ სიაში შეყვანას და ხალხის მტრებად გამოცხადებას. ელემენტარულად, როდესაც რეალურ დამოუკიდებლობაზე გაქვს პრეტენზია, ასეთ შემთხვევაში, როდესაც შენი კოლეგების „გაცხადებული რეპრესიების ქრონიკა“ ანონსდება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელსაც ამის „მდიდარი გამოცდილება“ გააჩნია, ფორმალურად მაინც რაღაც თქვი და დაგმე. თუმცა, ცხადია ეს „წაყრუება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ „შავი სიების“ დაანონსება სწორედ ამბოხებულმა ჯგუფმა გიორგი მშვენიერაძის მეშვებით სთხოვა სააკაშვილს, რათა კიდევ უფრო მეტი მოსამართლე დაშინდეს, მოექცეს მათი გავლენის ქვეშ და ამით მათი პოზიციები გაძლიერდეს. უფრო მეტიც, აშკარაა უკვე ის გარემოებაც, რომ „შავი სიის“ ნომინაციებიც სწორედ მესხიშვილთან და ამ ჯგუფთან „კონსულტაციის“ შედეგად შედგება და სწორედ ისინი დაასახელებენ კანდიდატებს სასამართლოდან.

ამ ამბოხების კამპანიას, იმავე სააკაშვილის დავალებით, აქტიურად აშუქებს მათივე სატელიტი სამივე ტელეარხი. ახლაც ტვ. ფორმულამ (https://formulanews.ge/News/62702) და მთავარმა არხმა (https://mtavari.tv/…/70093-jer-prezidents-velodebit-tu…) ახალი წლის დღეებში, ცხადია სააკაშვილის 5 იანვრის განცხადების („შავ სიებზე“ და „ხალხის მტრებზე“) გავრცელების შემდეგ, თურმე „ექსკლუზიურად“ შეიტყვეს, რომ ეს მოსამართლეები ამ კანონის გასაჩივრებას გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოში და ამას მიუძღვნეს სიუჟეტებიც. ანუ აქედანაც უკვე ჩანს, რომ მოსამართლეების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის გასაჩივრება იქნება ახალი სერია – მოსამართლეთა „ამბოხების ქრონიკებში“ და ამისთვის მოსამართლეებთან კოორდინირებულად ამზადებენ პიარულ ნიადაგს.

მოსამართლეთა სანქცირების თაობაზე სააკაშვილის ინიციატივას ასევე გამოეხმაურა ნაც. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და აღნიშნა, რომ ეს სწორი ინიციატივაა (https://1tv.ge/…/khatia-dekanoidze-iniciativa-rom…/). მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ხატია დეკანოიძე იყო ქეთევან მესხიშვილის მაღალჩინოსანი მეუღლის ხელმძღვანელი შ.ს.ს.-ს ორგანოებში წლების განმავლობაში და ახლაც სწორედ „პარტიული ინსტრუქციების“ მიღება ამ „არხით“ აქტიურად ხორციელდება ცოლ-ქმარი მესხიშვილების მიერ.

ფორმულას სიუჟეტში კი მოსამართლეთა პროტესტის გაძლიერებაზე საუბრობს იგივე გიორგი მშვენიერაძის მეუღლე გვანცა წულუკიძე (რომელიც მშვენიერაძის ყოფილ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს ამჟამად) და რომელზეც წინა წერილში აღვნიშნე კიდეც, რომ თავის მეუღლესთან ერთად აქტიურ კოორდინაციაშია „ამბოხებულ“ მოსამართლეთა ჯგუფთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა სუბიექტების მხრიდან.

საბოლოო ჯამში, იკვრება მთელი ის წრე, რაზეც მე ვისაუბრე წინა წერილში და აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ნაც. მოძრაობის და მისი სატელიტების პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება და „ამბოხებულმა“ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ – ნამდვილად ვერ შეფუთავენ ამ ყველაფერს „დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის“ საფარქვეშ. ეს იქნება მკაფიო პოლიტიკური დემარში, რომელსაც ჰყავს თავისი „დირიჟორი“ და რომელიც გათვლილია კონკრეტული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად, საერთო სასამართლოების გამოყენებით. მსგავსი პარალელი შეიძლება გავალოთ 2016 წლის მოვლენებთან საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ჩაითრიეს მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც ზუსტად იმავე სააკაშვილის და ნაც. მოძრაობის პირდაპირ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ცდილობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით.

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ამ მოსამართლეებს ნაც. მოძრაობა ჰპირდება ხელშეუხებლობას და დაწინაურებას უზენაეს სასამართლოში, იქ მყოფების კი გაყრას და ქეთევან მესხიშვილს საერთოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობასაც, რომ მათ როგორმე მოახერხონ შიგნიდან სასამართლო სისტემის „არევა“ და მის პოლიტიკურ ქაოსში ჩათრევა, რასაც ოპოზიცია უკვე „სარფიანად“ გამოიყენებს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ საერთაშორისო პლატფორმაზე იმის საჩვენებლად, „თურმე რა ამბები ხდება“ სასამართლოში, რაც საბოლოოდ მთელი სისტემის და მისი ნდობის მძიმე დისკრედიტაციას მოახდენს.

უბრალოდ მე არ მესმის, იმაზე გაგულისებულმა – რომ პარლამენტმა არ აგირჩია უმაღლესი ინსტანციის მოსამართლედ, ყველაფერს ხაზი გადაუსვა, წახვიდე გარიგებაზე უბინძურეს პოლიტიკურ ძალასთან ნაც. მოძრაობასთან, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ასეულობით შენი კოლეგა გაყარა, დევნა, ღირსება შეულახა და ახლაც შენთან კოორდინაციაში, ისევ იგივე გზას ადგას – „შავ სიებს“, რეპრესიებს აანონსებს და ამაზე ფორმალურად მაინც ხმას არ იღებ, უკვე ცხადია მინიმუმ თანამონაწილე ხარ ამ ყველაფრის. მაშინ სად იყავით ეს „ამბოხებული მოსამართლეები“, როდესაც წინა ხელისუფლება მართლაც სასტიკ კანონებს იღებდა, თქვენს კოლეგებს სახლში ყრიდა, საქმეებს უძრავდა და ატერორებდა, დარჩენილებს კი „ნოტარიუსებად“ გამუშავებდათ – მაშინ რატომ არ იღებდით ხმას? რატომ არ უპირისპირდებოდით მართლაც საშინელ სისტემას? რატომ არ ავრცელებდით საჯარო საპროტესტო წერილებს? რატომ არ ასაჩივრებდით საკონსტიტუციო სასამართლოში იმდროინდელ რეპრესიულ კანონებს? და ა.შ.

ახლა კი ბოლოს მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო: ნაც. მოძრაობას სასამართლო დამონებული ჰყავდა რეპრესიებით, შანტაჟით და ყველა უკანონო მეთოდით. თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს მოსამართლეები არათუ არ დასაჯეთ, არამედ სისტემიდანაც კი არ გაუშვით, შეინარჩუნეთ, დააწინაურეთ, ხელფასები გაუორმაგეთ, საკანონმდებლო პრივილეგიები მიანიჭეთ და რაც მთავარია უვადოდ გადანიშნეთ. სწორედ ეს ჩაგითვალეს მათ „სისუსტედ“ და იმის მაგივრად, რომ თავჩახრილებს თავიანთი საქმე უჩუმრად ეკეთებინათ, აქეთ დაიწყეს „დივერსანტობა“, თავდასხმაზე გადმოსვლა და უკვე უტიფრად ყოფილი პატრონების პოლიტიკური ინტერესების გატარება სასამართლოში.

ამიტომ, მტკიცედ მოგიწოდებთ, რომ ის ერთი უკიდურესობა იყო, რასაც ნაცები უკეთებდნენ სასამართლოს, თუმცა თქვენ უკვე მეორე უკიდურესობაში გადავარდით და ელემენტარული დისციპლინური რეგულაციებიც კი არ გაამკაცრეთ, რაც უკვე უვადო მოსამართლეების პირობებში ისედაც უნდა მომხდარიყო და რაც, მოსამართლეებს აიძულებდა მხოლოდ თავიანთი სამოსამართლეო მოვალეობა ღირსეულად და დროულად შეესრულებინათ და წლობით არ გაჭიანურებულიყო საქმეთა განხილვები და ასევე წლობით არ ეცადათ მხარეებს მათი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ასევე ასევე არ მომხდარიყო სხვა მრავალი გადაცდომაც. აგრეთვე უამრავი სხვა პრობლემაა, რაც ცალსახად უთითებს, რომ მოსამართლეები „გაზულუქდნენ“ და რადგან მაღალი ხელფასი აქვთ, უვადოდ არიან გადანიშნულები, მათ ჰგონიათ რომ ყველაფრის უფლება აქვთ და „ხელშეუხებლები“ არიან, რა ზერელედაც და აგდებულად არ უნდა მოეპყრონ საზოგადოებას.

აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა მრავალმხრივ ფორმატში დისციპლინური კანონმდებლობის ფორმალურ კი არა (როგორც ამ სულ ბოლო ცვლილებებით მოხდა და ამასაც კი აპირებენ გაასაჩივრონ „ამბოხებულები“), არამედ რეალურ და მკაფიო გამკაცრებაზე, რომელიც ცხადია ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისი იქნება და მკაცრად დაარეგულირებს მათი საქმიანობის ჩარჩო-სტანდარტებს და მოსამართლეებს არ მისცემს მოდუნების და ასევე იმის საშუალებას, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილებმა გულგრილად მიუდგნენ თავიანთ სამოსამართლეო მოვალეობებს. ამისთვის, მოიწვიეთ მრგვალი მაგიდა, სამუშაო შეხვედრები, ჩართეთ სხვადასხვა პროფილის იურისტები, ექსპერტები და რაც მთავარია, ამ სასამართლოს მიერ გატანჯული უბრალო მოქალაქეები. არავინ მოსამართლეთა რეპრესიებს არ ითხოვს. უბრალოდ, სხვა ქვეყნების მსგავსად, საჭიროა მკაფიო რეგულაციები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას მოსამართლეებს აბუჩად აიგდონ მხარეები, წლობით ალოდინონ ჯერ საქმის ჩანიშვნაზე, მერე განხილვაზე და მერე კიდევ გადაწყვეტილებების დაწერაზე (3 სხვადასხვა ინსტანციაში) და ა.შ. (სხვა უამრავი პრობლემაცაა). როგორც ყველა სხვა სფეროს, ასევე სასამართლოსაც უნდა ჰქონდეთ მისი საქმიანობის მკაფიო და ამავე დროს, ქმედითი რეგულაციური მექანიზმი ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ დადგენილი უნდა იყოს სამართლიანი „თამაშის წესები“, სადაც მოსამართლეებს და ასევე საქმეთა მხარეებსაც ეცოდინებათ თავიანთი უფლებების და მოვალეობების მკაცრი საზღვრების თაობაზე. შესაბამისად, საჭიროა დისციპლინური კანონმდებლობის რადიკალური რეფორმირება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება გადამწყვეტიც იყოს ამ რეფორმირებაში მთავარი საკითხი: ამჟამად მოსამართლეთა დისციპლინური რეაგირების მექანიზმი ძირითადად მათივე, კონკრეტულად კი, იუსტიციის საბჭოს და ვიღაც გაუგებარი დისციპლინური ინსპექტორის ხელშია. მე შევედი მათ საიტზე და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ლმობიერი მიდგომები ფიქსირდება დამრღვევი მოსამართლეების მიმართ და ყველაზე ფორმალურ და მსუბუქ სანქციებს იყენებენ მათ მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ მკაცრ დასჯაზე და მით უმეტეს თანამდებობიდან გაშვებაზე. დისციპლინური დასჯის სისტემა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს იგივე დასავლეთის ქვეყნებში და საკმაოდ ხშირია მოსამართლეების დათხოვნაც და სხვა საკმაოდ მკაცრი სასჯელების გამოყენებაც. აქ კი, როგორც ჩანს, კოლეგიალური (მათსავე ენაზე „კლანური) პრინციპი მოდის მოქმედებაში და სავარაუდოდ, ერთმანეთს ხელს აფარებენ. აქაც ეტყობა ძველი შეგონება, ცხადია გადატანითი მნიშვნელობით, „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო“ მუშაობს. აბა სხვაგვარად წარმოუდგენელია სასამართლო სისტემა ისე გამართულად მუშაობდეს წლების განმავლობაში, რომ დარღვევები არ ჰქონდეთ მოსამართლეებს და თითქმის არავინ ან ფორმალურად დაისაჯოს. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს დისციპლინური რეაგირების ფუნქცია უნდა ჩამოერთვას მათ და იუსტიციის საბჭოს და უნდა შეიქმნას ცალკე ორგანო, რომელიც მათ დარღვევებს შეისწავლის, განიხილავს და ადეკვატურ სასჯელებსაც დროულად გამოიყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეტყობა, რომ მოსამართლეები ერთმანეთისთვის „ხელის დაფარების“ პოლიტიკას გააგრძელებენ სისტემის შიგნითვე და არხეინად იქნებიან.

სხვაგვარად უკვე შეუძლებელია გაგრძელება და საკმაოდ მალე მოიშლება ყველა ნორმალური ქვეყნის არსებობის და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი – ხელისუფლების შტოთა ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების სისტემა და უკვე მიიღებთ სრულიად პოლიტიზებულ და საზოგადოების ინტერესების მაიგნორირებელ, გაზულუქებულ სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც ცხადია, სწრაფადვე უკვე ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარების მთავარ შემაფერხებლად იქცევა.
დანარჩენზე, ვის რა როლი აქვს ამ „ამბოხის“ სცენარში, ვინ უმაგრებთ ზურგს და რა დაინტერესება და კავშირები აქვთ შიგნით თუ გარეთ და ასევე როგორი „საინტერესო წარსული“ აქვთ, ამაზე საჭირო დროს ცხადია გაგრძელდება საუბარი“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები