პეტრო პოროშენკო კიევში ბრუნდება – თვითმფრინავი ვარშავიდან უკვე გამოფრინდა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელსაც სამშობლოში სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ, კიევში ბრუნდება.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელის ბორტზეც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, ვარშავიდან უკვე გამოფრინდა.

მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი დროით 09:10 წუთზე თვითმფრინავი ჟულიანას აეროპორტში დაეშვება, სადაც მას მხარდამჭერი აქციით დახვდებიან.

ამის პარალელურად, გამოძიების სახელმწიფო ბიურომ პოროშენკოს საქმეზე ბრიფინგი 09:30 საათისთვის ჩანიშნა. უკვე 11:00 საათზე პეჩორის სასამართლო, მეხუთე პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების განხილვას აპირებს.

გასულ კვირას პოროშენკომ ადვოკატმა განაცხადა, რომ, სასამართლოში მიყვანის მიზნით, იგეგმება აეროპორტშივე ყოიფილი პრეზიდენტის დაკავება.

16 იანვარს პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა.

“ვბრუნდები იმისთვის არა, რომ თქვენგან თავი დავიცვა, თქვენ ამად არ ღირხართ, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან”, – აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ ზელენსკის ხელისუფლებამ ისარგებლა საზღვარგარეთ მისი მივლინებით და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ძალისხმევა გამოიყენა, რომ ის დაეშინებინათ. პოროშენკო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს “გაყალბებულს” უწოდებს.

„რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, როგორც აღვნიშნე, რომ დამაშინონ. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ჩვენ მას გავეცით პასუხი. ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის“, – აღნიშნავს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები