ნატო-მ რუსეთს უპასუხა – ალიანსი წევრი ქვეყნებიდან ჯარებს არ გაიყვანს

ნატო არ დათანხმდება ჯარის გაყვანას ქვეყნებიდან, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შეუერთდნენ, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადურ ტელეარხ CBC-თან ინტერვიუში.

„ნატო-ს მოკავშირეებს არ შეუძლიათ კომპრომისზე წასვლა ევროპული, ეროვნული უსაფრთხოების აბსოლუტურად საკვანძო პრინციპებზე. ფაქტია, რომ თითოეული ქვეყანა ირჩევს თავის გზას – სურს თუ არა, იყოს ისეთი ალიანსის წევრი, როგორიც ნატო-ა. ასევე,  ვერ დავეთანხმებით, რომ ჩვენ არ უნდა გვყავდეს ჯარისკაცები ყველა ქვეყანაში, რომლებიც შემოგიერთდნენ 1997 წლიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარებით ალიანსის წევრების „ნახევარი“ არ იქნება დაცული ნატო-ს სამხედროების მიერ და „მეორეხარისხოვანი წევრები“ გახდებიან.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, განიხილოს რუსეთთან იარაღის შემცირება, კერძოდ, ბირთვული იარაღის.

„ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დაბალანსებულ, შემოწმებად ზომებში, რათა შემცირდეს იარაღი – ჩვეულებრივი და ბირთვული რაკეტები, ისევე – როგორც ბევრ სხვა ღონისძიებაში, რომელიც სასარგებლო იქნება რუსეთისა და ნატო-სთვის“, – თქვა გენმდივანმა.

ამასთან, მან მოუწოდა რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისკენ და აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, რუსეთის “შეშფოთება მოუსმინოს”.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-მ არ იცის რუსეთის განზრახვები უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან მოსკოვმა „შეიძლება, შეცვალოს გეგმები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები