„როგორც კი ფუნჯს ავიღებ, ვმშვიდდები“ – 16 წლის მხატვარი, უთოვლო შობა-ახალი წელი და „პოსეიდონის ქანდაკება“

საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დაიბადა. ამჟამად კაკაბეთის საჯარო სკოლის  მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. 16 წლის.
ბავშვობაში ეკვა იზიდავდა და ფიქრობდა, რომ ამ პროფესიას გაჰყვებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ხატვის სიყვარულმა გადაძალა. აქვს ბლოგი, სადაც აქვეყნებს ნამუშევრებს. ფიქრობს, რომ სამომავლოდ სამხატვრო აკადემიაში გააგრძელოს სწავლა. ყავს  მშობლები, დედა ხათუნა უცუნაშვილი და მამა ნოდარ კუპატაძე, რომლებიც ხელს უწყობენ შემოქმედებით მუშაობაში. – ლანა კუპატაძის პერსონა.

 – ხატვა  4 წლის წინ დავიწყე, პირველი ნახატები ფანქრით შესრულებული პორტრეტები იყო, ხოლო ტილოზე – პეიზაჟი. როდესაც პირველი პეიზაჟი დავხატე ტილოზე, მივხვდი, რომ ეს ჩემი გატაცება იყო და უმისოდ ვეღარ შევძლებდი ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩემი მიზანიც სწორედ მას  უკავშირდება.
– გაქვთ საბავშვო ნახატები, მხიარული განწყობილებით… პეიზაჟები, ყვავილები…
– ჩემი საბავშვო ნახატების გალერეა მრავალფეროვანია, მაქვს პეიზაჟები და პორტრეტები. განსაკუთრებით მიყვარს და ჩემთვის გამორჩეულია ტილოზე შესრულებული საშობაო ნახატი, რადგან შობა-ახალი წელი ყველასათვის სამხიარულო დღესასწაულია.
–  ხატვა თქვენთვის არის…
– ხატვა ჩემი გატაცება და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, იგი მამხიარულებს და სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს.
– სკოლაში სწავლის პარალელურად ხატავთ… როგორ ახერხებთ დროის გამონახვას?
– ბევრი სამეცადინოს მიუხედავად, მაინც ვახერხებ დროის გამონახვას და საღამოობით ხატვას.
ჩემი ბოლო ნამუშევარია პოსეიდონის ქანდაკება, რომლის დასრულებაც ძალიან გამიხანგრძლივდა, თითქმის ორი დღე მოვანდომე. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნახატის იმავე დღეს დასრულება. ეს ნახატი კი დავიწყე საღამოს, ძალიან მეძინებოდა და დედამ მირჩია, რომ მეორე დღეს აუცილებლად გამეგრძელებინა, რადგან თითოეული დეტალის დახატვა დიდ ძალისხმევას და ყურადღებას მოითხოვს.

პოსეიდონის ქანდაკება

– საახალწლო განწყობილება… როგორ შექმენით თქვენი ნახატებით?
– რადგან ახალ წელს ძალიან მიყვარს თოვლი და ასეთი სანატრელი გაგვიხდა, გადავწყვიტე, დამეხატა საახალწლო ნახატები და ასე გადმომეცა განწყობა. ამ ახალ წელს კი ვინატრე, რომ შემექმნა უფრო დახვეწილი ნამუშევრები და  გამეხარებინა უფრო მეტი ადამიანი.
– პორტრეტები… ცალკე აღნიშვნას იმსახურებს….  როგორ შეიქმნა შოთა რუსთაველის პორტრეტი?
– მეათე კლასში ვისწავლე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. დამრიგებელმა კი მთხოვა, დამეხატა ეპიზოდები „ვეფხისტყაოსნიდან, ახლა ეს ნამუშევარი ამშვენებს სკოლის კედლებს. ამ პოემის სწავლისას სურვილი გამიჩნდა, შემექმნა შოთა რუსთაველის პორტრეტი.
– კიდევ ვისი პორტრეტები დახატეთ და როგორ არჩევთ, ვის დახატავთ?
– ადამიანებს ვარჩევ სურვილისამებრ, შემდეგ კი ვქმნი პორტრეტს.
LanArt – გაქვთ პირადი ბლოგი, სადაც თქვენს შემოქმედებას აქვეყნებთ… რამდენად მოქმედებს შექება თქვენზე?
– დიახ, მაქვს ასეთი ბლოგი, სადაც ვაქვეყნებ ჩემს ნახატებს, ხალხის თითოეული კომენტარი და თბილი სიტყვა კი ჩემთვის სტიმულის მომცემია.
– შთაგონება?
– თუ არ დავხატე, თითქოს მოსვენებას ვკარგავ და როგორც კი ფუნჯს ავიღებ, ვმშვიდდები.
– ჰობი…
– ჰობად მაქვს –  ჩემი ნამუშევრების სხვისთვის გაზიარება და გულშემატკივრების მოლოდინის გამართლება.
– გამოფენები…
– ჩემი პირველი გამოფენა 2021 წლის მაისში  საგარეჯოში, ბუნების წიაღში, გაიმართა, სადაც გავიცანი ჩემი თანატოლი მხატვარი ბავშვები. როდესაც ჩემს ნახატებს ათვალიერებდნენ,ჩუმად ვუსმენდი მათ თბილ კომენტარებს და მინდოდა მეთქვა, რომ ავტორი მე ვიყავი, თუმცა ხმამაღლა მიჭირდა ამის თქმა.
 – სამომავლოდ თუ აპირებთ სამხატვრო სასწავლებელში ჩაბარებას?
– რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ვისწავლო სამხატვრო აკადემიაში და უფრო მეტი ცოდნა შევიძინო.

პირველი პეიზაჟი

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები