81 ათასზე მეტი ინფიცირებული – გერმანიაში დღიური ანტირეკორდი დაფიქსირდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ ერთ დღეში პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალურ დონეს მიაღწია.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 81 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი დღით ადრე, მაჩვენებელმა 80 ათას გადააჭარბა.
ზუსტად ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი 64 340 ინფიცირებულს შეადგენდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 427,7 შემთხვევა იყო.
შედარებისთვის: წინა დღით ეს მაჩვენებელი 407,5 შემთხვევა იყო.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 316 ადამიანი შეეწირა, ერთი კვირის წინ 443 გარდაცვალება დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან რობერტ კოხის ინსტიტუტმა ინფიცირების 7 743 228 შემთხვევა აღრიცხა; ვირუსს 115 051 პაციენტი ემსხვერპლა.