რუსმა ოფიციალურმა პირმა ყაზახ მინისტრს “რუსოფობი ნაგავი” უწოდა
რუსეთის დსთ-ის საქმეთა ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი, ევგენი პრიმაკოვი კატეგორიულ უარს აცხადებს ყაზახეთის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების ახალ მინისტრთან, ასკარ უმაროვთან თანამშრომლობაზე და მას “რუსოფობ ნაგავს” უწოდებს.
ამის შესახებ პრიმაკოვმა Telegram-ში დაწერა.
„როსოტრუდნიჩესტვო არ ინარჩუნებს კონტაქტებს, არ მუშაობს და არ თანამშრომლობს რუსოფობ ნაგავთან, რაც სრულად აფერხებს ჩვენს ნებისმიერ ურთიერთობას აღნიშნულ მინისტრთან და მისი ხელმძღვანელობით – სამინისტროსთან“, – დაწერა პრიმაკოვმა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა 10 იანვარს მთავრობას ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
პრიმაკოვის თქმით, უმაროვის დანიშვნა აჩვენებს, რომ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს უწევს “ყველაზე მძიმე მიზანმიმართულ კომპრომისებზე წასვლა”.
„ასეთი, საგულდაგულოდ გააზრებული და დაგეგმილი კომპრომისები, რა თქმა უნდა, ვერ გაანადგურებს ჩვენს ხალხებს შორის საუკუნოვან ძმურ მეგობრობას, მით უმეტეს, თუ ბატონი უმაროვი საჯაროდ იტყვის უარს თავის ნაცისტურ და შოვინისტურ შეხედულებებზე რუსებზე ყაზახეთში“, – თქვა ევგენი პრიმაკოვმა.
თავის მხრივ, ასკარ უმაროვმა მისი იმიჯის „დემონიზაციის“ მცდელობებზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩემი ერთგულება ხალხთა შემწყნარებლობისა და მეგობრობის პრინციპებისადმი, ყაზახეთის ხალხის ერთიანობისა და მეზობლებთან ძმური ურთიერთობებისადმი. ჩვენ ვგეგმავთ, კარგი ურთიერთობა შეიქმნას რუსულ და სხვა მედიასთან, რომლებთანაც ჩვენ შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ სასარგებლო გამოცდილების გაცვლა“, – აღნიშნა უმაროვმა.
ამასთან, მან უარყო, რომ გამონათქვამები, რომლებსაც მას პრიმაკოვი მიაკუთვნის, ნამდვილად მისი გაკეთებულია.