მამუკა ხაზარაძე: როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
„დაველოდოთ, რად გვინდა წინასწარ მკითხაობა”, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომელთან დაკავშირებითაც მოსამართლემ განაჩენი დღეს უნდა გამოაცხადოს.
ხაზარაძის თქმით, ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
„დაველოდოთ, რად გვინდა წინასწარ მკითხაობა. ნახევარი საათი დარჩა და მერე გეტყვით. როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს? მე ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.