ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ​ ნაფიცმსაჯულებზე უარი თქვეს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნაფიცმსაჯულებზე უარი თქვეს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო.

“იქ არის საზოგადოებრივი აზრი, ტრაგედია, მძაფრი მდგომარეობა. სავარაუდოდ, მართლმსაჯულების წარმომადგენლებიც შეიძლება, უყურებენ ამას და, პლუს ამას, აქვს უფლება, წმინდა იურიდიული, კლასიკური კუთხით მოხდეს განხილვა. მეტწილად, არჩეული იქნა ის, რომ უარი უთხრა სასამართლოს ნაფიცმსაჯულთა სისტემის არჩევაზე. რაც შეეხება სხვა შუამდგომლობებს, იქ ვერ დაეთანხმებოდით მოსამართლის განმარტებას, იქ იყო დარღვეული მუხლები”, – ამბობს ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი.

მომდევნო პროცესი 18 იანვარს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები