“აფხაზეთში სიკვდილს გადავურჩით და ახლა აქ… ძალინ შეგვეშინდა” – რას ყვებიან ალმათში მცხოვრები ქართველები

ერთკვირიანი სატელეფონო და ინტერნეტკავშირის გაწყვეტის შემდეგ, ალმათის მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომა დროებით, რამდენიმე საათით აღუდგათ.

ალმათში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც სამშობლოში ნათესავებსა და ახლობლებთან დაკავშირება შეძლეს, იხსენებენ იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც ისინი რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდნენ და დღემდე გრძელდება.

“კვირა” ალმათში მცხოვრებ, ქართველების ოჯახს დაუკავშირდა.

მათი თქმით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები გაახსენდათ – სროლა, ბლოკადა, შიში, საკვების უკმარისობა და ახლა, ქალაქში საგუშაგოები.

“ძალიან შეგვეშინდა. მოვლენათა მთავარ ეპიცენტრთან ახლოს ვცხოვრობთ. მე და ჩემი მეუღლე პირველ დღეს სიკვდილს გადავურჩით. ქალაქში ვიყავით მანქანით, როდესაც ეს ყველაფერი ასე მოულოდნელად დაიწყო. მართლაც მოულოდნელი იყო, აქციები მიმდინარეობდა და მერე აღმოჩნდა, რომ ალმათში 20 ათასი მებრძოლი შემოვიდა, ასე ამბობენ. აქედან მხოლოდ 100 ადამიანია დაკავებული. დანარჩენები მიმალულები არიან. გარეთ გასვლის გვეშინია, არ ვიცი, ვინ საიდან შეიძლება, გესროლოს. აფხაზეთში ომს გადავურჩით და ახლა აქ, ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით. სახლიდან არ გავდივართ. იყო პანიკა, რომ შეიძლება, იმდენად უკონტროლო იყოს ვითარება, სახლებში შევარდნები დაიწყონო. გუშინ გავბედე და, პირველად ამდენი დღის შემდეგ, ქუჩაში გავედი, შვილის მონახულება გადავწყვიტე იმიტომ, რომ კავშირი არ გვქონდა. მაგრამ ფეხით გავედი, უკან ვიხედებოდი შიშით, ყველგან ბლოკპოსტია, შეიარაღებულები დგანან, აკონტროლებენ. ამბობენ, რომ ყველაფრის უკან ადგილობრივი სუს-ის ხელმძღვანელი დგას, რომელიც უკვე დაკავებულია. დაუცველი ყოფილა აქაურობა, თუ ამდენმა მებრძოლმა შეძლო ქალაქში შემოსვლა”, – ამბობს “კვირასთან” საუბარში ქართველი.

მათი თქმით, ქალაქი, პრაქტიკულად, “მკვდარია”, არაფერი არ მუშაობს, არც პირველადი აუცილებლობის მაღაზიები, აფთიაქები, “პურს სახლში ვაცხობთ. ჩვენ გვქონდა ზამთრის მარაგები და დიდი ხანიც გვეყოფა, რომც არ გავიდეთ გარეთ, მაგრამ ვიცით, რომ აქ ბევრს უჭირს, საჭმელი არ აქვს ხალხს. იმედია, მალე დამთავრდება ეს ყველაფერი”.

ყაზახეთში დღეს გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები