„არ მენანება ნამუშევრის გაჩუქება, თუ ვიცი, რომ სიხარულს მივანიჭებ ადამიანებს“ – ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული პედაგოგი, პანდემიის დროს დახატული პორტრეტები და ვაჟა-ფშაველას „საშობაო ამბავი“

ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში, პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგია, მაგრამ ერთი დღეც არ მუშავია პედაგოგად. ბავშვობაში ბებიამ ასწავლა ქსოვა და დღემდე დიდი სიამოვნებით ქსოვს, ძალიან ყვარს ხევსურული ორნამენტების გამოყენება ნაქსოვებში.
თექის დამუშავება 14 წლის წინ შეისწავლა, აკეთებთექის შარფებს, ჟილეტებს, სათამაშოებს
ოთხი წლის წინ კი მატყლით ხატვამ დააინტერესა, პანდემიის პერიოდში კი პორტრეტების ხატვათანდათან ფერწერაზეც გადავიდა. თვითნასწავლი მხატვარი საკუთარ სახელოსნოზე ოცნებობს. – ქეთევან ირემაშვილის პერსონა.

– დავიბადე მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში, ზაქარია ირემაშვილის და ზიზო სოლოღაშვილის ოჯახში.
უზრუნველი ბავშვობა მქონდა, დედას უნდოდა, ბევრი რამ მცოდნოდა და დავყავდი მუსიკის, ქარგვის და ცეკვის წრეებზე.
– დაწყებითი კლასების პედაგოგი ხართ პროფესიით. მაგრამ თქვენი პროფესიით არ გიმუშავიათ. ხელსაქმე გიყვარდათ მუდამ…
– ხელსაქმის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, მახსოვს,  საბავშვო ბაღში ღილები მიგვატანინეს და ღილის დაკერებას გვასწავლიდნენ, ალბათ პირველი შეხება ნემსთან მაშინ მოხდა, ძალიან მიხაროდა, პირველად კერვის სურვილი გამიჩნდა. რაც მახსოვს, თოჯინებისთვის ვკერავდი ტანსაცმელს, თუმცა ჩემგან მაინც არ გამოვიდა დიდი მკერავი, რასაც ვერ ვიტყვი ქარგვასა და ქსოვაზე. ქსოვა ძალიან მიყვარს და კარგადაც გამომდის, ხშირად ვქსოვ ხევსურული ორნამენტებით გაწყობილ ხელთათმანებს, ქუდებს და წინდებს.
პროფესიით პედაგოგი ვარ, მაგრამ პედაგოგად არასდროს მიმუშავია. იყო დრო, რომ პედაგოგად მუშაობის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ ახლა ხელოვნება უფრო მიზიდავს.
თექის დამუშავების შესწავლამ მრავალფეროვნება შეიტანა თქვენს საქმიანობაში…. თექის შარფები, ჟილეტები, სათამაშოებ… ეს ალბათ ახალი ეტაპი იყო თქვენს ცხოვრებაში…
– თექის შესწავლა, მოთელვა ძალიან შრომატევადი საქმეა, თუმცა ძალიან საინტერესოა, როცა შენ თვითონ ქმნი ნაჭერს (ნაბადს) ისეთს, როგორიც გინდა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, პირველი ნაბადი რომ მოვთელე, ვიფიქრე, ამას ალბათ ვეღარ შევძლებ-მეთქი, მაგრამ მაინც განვაგრძე ეს საქმიანობა. ასევე შევისწავლე თექის სათამაშოების კეთება და ფარდაგის ქსოვა. ეს პერიოდი მართლაც რომ ახალი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში „არტგენის“ გამოფენებშიც ვმონაწილეობდი ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
– ოთხი წლის წინ მატყლით ხატვა და ფერწერა დაიწყეთ…
– ოთხი წლის წინ დავიწყე მატყლით ხატვა, შემთხვევით წავაწყდი „იუთუბიზე“ ვიდეოს, სადაც მატყლით ხატავდნენ, ძალიან მომეწონა და მეც ვცადე, ფეისბუქზე,  საკუთარ გვერდზე, დავდე და დიდი მოწონება გამოიწვია, წამოვიდა შეკვეთებიც. მაშინ არ ვიცოდი, ჩრდილები როგორ გამეკეთებინა და ხან სწორად გამომდიოდა და ხან – არასწორად…
ახლა კი ვიცი, რომ ნახატის მთავარი შემადგენელი ნაწილი ჩრდილებია, ჩემი თექის ნახატებიდან ყველაზე მეტად მომწონს ბოლო ნამუშევარი –  ხილი.
– პანდემია და შემოქმედება… როგორ იმოქმედა თქვენზე კარანტინმა?   შთაგონებაზე რა მოქმედებს?
– ორი წლის წინ, პანდემია ახალი დაწყებული იყო, როცა დავიწყე პორტრეტების ხატვა, ვერასოდეს  წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე  პორტრეტის ხატვას შევძლებდი, ამაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი. იცით, რამ გადამაწყვეტინა პორტრეტების ხატვა?
ჩემი ახლობელი ხატავს პორტრეტებს ძალიან კარგად, მაშინ პირველად ვნახე მისი ნახატი – შვილის პორტრეტი, რომელიც ფეისბუქზე დადო, იყო, გადავირიე და მომინდა, რომ მეც მეცადა.
პირველი პორტრეტი რომ დავხატე,  ძალიან მომეწონა, ახლობლებმაც მომიწონეს და გავთამამდი, ახლა რომ მათ ვუყურებ, მეღიმება და ვხვდები, ამ ორი წლის მანძილზე როგორ დაიხვეწა ჩემი პორტრეტები.
პორტრეტების პარალელურად დავიწყე ფერებით ხატვა, მაქვს ერთი სურათი, ტილოზე ზეთის საღებავებით დახატული, რომელიც ძალიან მიყვარს. ამ ნახატის შთაგონება გახდა ვაჟა-ფშაველას „საშობაო ამბავი“.
– ამბობთ, რომ ნამუშევრებს ყიდით ან გაჩუქებულები გაქვთ…. როგორ ელევით თქვენს ნახელავს?
– ჩემი ნამუშევრების უმეტესობა გაყიდული ან გაჩუქებულია, ჩემს ნამუშევრებს მხოლოდ ძვირფას ადამიანებს ვჩუქნი, ვინც იცის, რამხელა ენერგიით და  შრომით იქმნება ნამუშევრები და არ მენანება,  თუ ვიცი, რომ ამით სიხარულს მივანიჭებ ადამიანებს. მსიამოვნებს ისიც, როცა ჩემი ნამუშევრები იყიდება, როცა ისე მოსწონთ ჩემი  შექმნილი ნივთი, რომ თანხის გადასახდელად მზად არიან.
–  ორი შვილი, ქალ-ვაჟი გყავთ. თქვენი ოჯახის წევრები ალბათ ხელს გიწყობენ მუშაობაში…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი – მარიამი და აკაკი ფალქოსაძეები. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ხელს მიწყობებ, მეხმარებიან მასალების შეძენაში და მგულშემატკივრობენ.

ბოთლზე დასაფარებელი სვანური ქუდები – ღვინის კომპანიისთვის დამზადებული

– როგორც ხელოვანს, რა სირთულეები გაქვთ?
– როგორც ხელოვანისთვის, ჩემთვის სირთულე ის არის, რომ ჯერჯერობით არ მაქვს სახელოსნო, მინდა, რომ ერთ სივრცეში მქონდეს ყველა საჭირო მასალა, ნივთი თუ ინვენტარი, სამომავლოდ ვგეგმავ სახელოსნოს გაკეთებას.– შობას როგორ ხვდებით?
– შობას ვხვდებით უკეთესის იმედით, თუ შესაძლებელია ეკლესიაში, თუ არადა – სახლში ვანთებთ სანთლებს. წელს სახლში მოგვიწევს, რადგან ოჯახი კარანტინში ვართ, საახალწლო სურვილი ბევრი მაქვს, მინდა უკეთეს, ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ, ვირუსის და პანდემიის გარეშე, მინდა, რომ ყველა ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები