ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ორსული საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. 19 წლის გოგოს ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.
მათი ინფორმაციით, სესილი ბუბუტეიშვილის მდგომარეობა საკეისრო კვეთისას დამძიმდა და მას გული გაუჩერდა, თუმცა, ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა და გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ გართულების მიზეზი ნარკოზის გადაჭარბებული დოზა გახდა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა მშობიარეს ანესთეზიური საშუალების ზედმეტი ან უხარისხო დოზა შეუყვანეს.
“აბსოლუტურად არანაირი მედიკამენტი მთელი ორსულობის განმავლობაში არ გამოუყენებია. დადებითად იყო განწყობილი, მესენჯერით ბავშვის ტანსაცმელები მანახა ჩემმა შვილმა, რომელი ჩავაცვაო, ნახევარ საათში გამოვალ და ბავშვსაც გაჩვენებო.
ოპერაციის შემდგომ ექიმები არ შემხვედრიან და ზუსტი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. სამი საათის შემდგომ მითხრეს, გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას, მაგრამ დედა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში,” – აღნიშნა სესილი ბუბუტეიშვილის დედამ, თეა ლატარიამ.
“ეს იყო ექიმების უყურადღებობის ან უხარისხო საანესთეზიო საშუალების ბრალი. გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წავიდეს, არა მხოლოდ მამაგეიშვილის მისამართით, ვინც ანეზთეზია გაუკეთა, არამედ იმის წინააღმდეგაც, რა მედიკამენტი შემოდის ზოგადად,” – განაცხადა სესილი ბუბუტეიშვილის დამ, თეო ბუბუტეიშვილმა.
ოჯახი ითხოვს, ანესთეზიოლოგს შეუჩერდეს უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი. გოგონას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. კლინიკა, სადაც მშობიარეს საკეისრო კვეთა გაუკეთდა, დღეს ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს.
რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ დაწყებულია მოკვლევა და დასკვნა 2 თვეში გახდება ცნობილი, რის შედეგადაც გაირკვევა, ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმის შეცდომას.