პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების შესახებ განმარტებას აკეთებს
აღინიშნება, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინეს შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა.
“სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით. კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ, სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა, კერძოდ, ჯილდო გადაეცათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს – თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს წიგნისთვის “ოფიცრის ატლასი”.
მედიის ინფორმაციით, ნოდარ ხორბალაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ივერი მელაშვილისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. პრემიერმა სწორედ ხორბალაძე-გორგოძესთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო.