ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემოსვლის პერიოდი საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულს ცუდად დაემთხვა

“7 დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი პირველად ჩამოცდა 2000-ის ფარგლებს”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოში მეხუთე ტალღის პიკმა გადაიარა.

„კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პირველად, რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში არ ყოფილა 4000-ზე მეტი თავისუფალი საწოლი. ამიტომ ამ პარამეტრებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა ნამდვილად ჩამთავრების სტადიაშია. ეს მონაცემები მკვეთრად მიუთითებს, რომ მეხუთე ტალღის პიკი გადავლილია, მაგრამ არის მეორე საფრთხე – „ომიკრონი“. რომ არ ყოფილიყო ეს მუტაცია, ჩვენ უფრო მეტად ვიქნებოდით დარწმუნებულები იმაში, რომ მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში ეს კლება გაგრძელდებოდა და საქართველოში დასრულდებოდა პანდემიის ეს ყველაზე ხანგრძლივი ტალღა ქვეყნის ისტორიაში. სამწუხაროდ, პროგნოზის გაკეთება – დასრულდება თუ არა მეხუთე ტალღა, რთულია, ვინაიდან ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევები მატულობს და ასევე უკვე შეინიშნება მოლოდინი იმისა, რომ იანვრის პირველი და მეორე კვირა იქნება შემთხვევების მატების კვირა. ვინაიდან სტატისტიკა, რომელიც არის როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ სწორედ ორ-სამ კვირიანი პერიოდი სჭირდება „ომიკრონს“ იმისათვის, რომ ქვეყანაში გახდეს დომინანტური ვარიანტი. ძალიან ცუდად დაემთხვა ქვეყანაში „ომიკრონის“ შემოსვლის პერიოდი საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები