მეცნიერები: “ომიკრონისგან” სიკვდილიანობა 75%-ით დაბალია, ვიდრე – სხვა შტამებისგან

Covid-19-ის “ომიკრონის” შტამისგან სიკვდილიანობა 75%-ით დაბალია, ვიდრე მისი წინამორბედების შემთხვევაში იყო.

ამის შესახებ The Telegraph-ი სამხრეთ აფრიკის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებსა და პრეტორიის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით წერს.

სპეციალისტები აკვირდებოდნენ პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ გაუტენგის პროვინციის ქალაქ ცვანეში. სწორედ  ეს პროვინცია გახდა ახალი შტამის აფეთქების თავდაპირველი ეპიცენტრი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „ომიკრონის“ შტამისგან ჰოსპიტალში გადაყვანილი ადამიანების 4,5% გარდაიცვალა, ხოლო კორონავირუსის წინა ტალღებში ეს მაჩვენებელი 21,3 პროცენტს აღწევდა.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ საავადმყოფოში მოთავსებულთა ნახევარზე ნაკლებს ესაჭიროება ჟანგბადის თერაპია მაშინ, როდესაც ძველი შტამების დროს ეს მაჩვენებელი 99,5% -ს აღწევდა. ასევე, ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე ადამიანების რაოდენობაც გაცილებით დაბალია – ერთი პროცენტი წინა ტალღების 4,3 პროცენტთან შედარებით.

გარდა ამისა, “ომიკრონით” ინფიცირების დროს პაციენტებს კლინიკებიდან საშუალოდ 4 დღეში წერდნენ მაშინ, როდესაც წინა შტამების დროს 8.8 დღე იყო საჭირო.

მკვლევრები თვლიან, რომ სულ მალე მოხდება “ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების სრული გამიჯვნა”, რაც ბოლო მოუღებს ეპიდემიას და გამოიწვევს ენდემურ ფაზას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები