სუს-მა იმ დროს მიიღო ინფორმაცია სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლაზე, როცა მან გადმოკვეთა საზღვარი არაკანონიერად და არალეგიტიმურად, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსთავი 2-ის “ღამის კურიერში” ისაუბრა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ყოველთვის გადაადგილდებოდა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც აყვანისას ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ დაკავებისას შეირჩა ზუსტად ის ადგილი და დრო, სადაც სააკაშვილი მარტო იმყოფებოდა.
„ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიებები, ვგულისხმობ დაკავების ღონისძიებას და შეირჩა ზუსტად ის ადგილი და ის დრო, სადაც ის იმყოფებოდა მარტო და ნაკლები იყო შანსი ფიზიკური დაპირისპირებისა. ის მარტო არასდროს არ იმყოფებოდა. დეტალებს გამოძიება დაადგენს.
როგორც ვიცი, მისი გადაადგილების შესახებ ბრიფინგიც ჩატარდა და იქაც ითქვა, რომ ყოველთვის გადაადგილდებოდა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც აყვანისას იყო მომატებული საფრთხე. ისიც მინდა გითხრათ, რომ შსს-მ ოპერაცია ჩაატარა ძალიან მაღალ დონეზე. შეძლეს კარების გაღება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა დეტალი იყო გათვლილი სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად.
ეს იყო წარმატებული დაკავების ოპერაცია. თანმხლები პირები უშუალოდ მის მანქანაში არ ფლობდნენ შეიარაღებას, თუმცა თანმხლებმა პირებმა შესაძლოა დისტანციით ერთობლივი გადაადგილებაც აწარმოონ, ასე, რომ ეს რისკები სრულად იყო გათვლილი“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.