გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ი ახორციელებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე 

ადასტურებს თუ არა სუს-ის ხელმძღვანელი სექტემბრის თვეში გავრცელებული ფარული ჩანაწერების კრებსების ავთენტურობას და რამდენად კანონიერად ახორციელებს უწყება ფარულ მიყურადებას – ამ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა “ღამის კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სუს-ი ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე ახორციელებს.

“გინახავთ სადმე სამსახური, ან სამართალდამცავი უწყება, რომლის ხელშიც არის გამოძიება, ოპერატიული სამსახური და არ აწარმოებდეს ფარულ მიყურადებას?! ეს უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, კანონიერ საფუძველზე და იმ წესების დაცვით, რასაც კანონმდებლობა აწესებს.

თქვენ აღნიშნეთ ფაილები, რომლებიც ფაილები არ იყო, ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ვორდის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს გარკვეულ შინაარსს.

რაც შეეხება დადასტურებას, რა თქმა უნდა, გამოძიების მსვლელობისას ხდება ამ ტექსტების ავთენტურობის შესწავლა, რაღაც პროცენტი ადასტურებს არსებულ დიალოგის, ან იქ განთავსებული ინფორმაციის ნამდვილობას, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, დიდი ნაწილი ამას არ ადასტურებს.

არ მინდა წინ გავუსწრო გამოძიებას და ჩემი ვერსიები შევთავაზო, თუმცა ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი ყველამ ვიხილეთ ცოტა ხანში. აჟიტირებული მედიასაშუალებები, გადაინაწილეს მათ იქ არსებული შინაარსობრივი მიმართულებები და პირდაპირი შტურმი მოაწყვეს ჩვენი სამსახურის მიმართულებით.

მიზანი იყო დაპირისპირების ჩამოგდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სამსახურსა და დიპლომატებს შორის, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ, მიზანს ვერ მიაღწიეს.

ჩვენ ხშირად ვხდებით დიპლომატებს, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობას, ვიხილავთ რეგიონში მიმდინარე საკითხებს. ვფიქრობ, რომ გასარკვევი ერთმანეთთან არაფერი გვაქვს, ჩვენ სრულ თანხვედრაში ვართ ჩვენ მოსაზრებებში, უფრო მეტიც, ყველა პარტნიორი ქვეყანა და მათი დიპლომატიური წარმომადგენლობა მიგვიჩნევს, როგორც საიმედო და მყარ პარტნიორს უსაფრთხოების საკითხებში. საბოლოო პასუხებს მათ გასცემთ გამოძიება”, – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები