„2021 წელს შევძელი დიდი ხნის ოცნების ასრულება და, სრული დაფინანსებით, სწავლის  გაგრძელება აშშ-ში, როჩესტერის ბიზნესსკოლაში“ – ლევან დარახველიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი ლევან დარახველიძე, თავისი მიღწევებისა და გეგმების შესახებ ინტერვიუში საუბრობს.

ლევან, მოგვიყევით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილების შესახებ (ცენტრის რომელი პროგრამის გამარჯვებული ხართ, რომელ ქვეყანასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობთ და რა პროფესიაზე)?

2021 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის („საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022“) კონკურსში  გამარჯვების წყალობით შევძელი წავსულიყავი როჩესტერის ბიზნესსკოლაში, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში. გარდა ცენტრის სტიპენდიისა, ასევე შევძელი თავად უნივერსიტეტისგან აკადემიური ხარჯების სრული დაფინანსების მოპოვება. ამჟამად ვარ პირველი კურსის სტუდენტი მენეჯმენტის ფაკულტეტზე. ჩემი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მრავალკულტურული გარემოა, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ მეგობრული და პროფესიული კონტაქტი მქონდეს სტუდენტებთან 20-ზე მეტი ქვეყნიდან. უნივერსიტეტის ეს ღირებულება უშუალო კავშირშია საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელ პირობასთან, რაც სხვა ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობას გულისხმობს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. გარდა მრავალფეროვანი სტუდენტური გუნდისა, უნივერსიტეტს ასევე ჰყავს გამორჩეული აკადემიური პერსონალი, რომელსაც ზურგს უმაგრებს აღიარებები წამყვანი ამერიკული კვლევითი უნივერსიტეტებიდან. ჩამოთვლილი ფაქტორები თავს იყრის სასწავლო ოთახში და იქმნება უნიკალური გარემო საკლასო დისკუსიებისთვის. ჩემთვის უცხოეთში გამგზავრების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საყვარელ ადამიანებთან განშორება იქცა, მაგრამ უნივერსიტეტის ძალზე დატვირთული პროგრამა მოსაწყენად დროს ნამდვილად არ მიტოვებდა.

გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება?

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა მოიცავდა 3 ეტაპს, რომლებზეც განსხვავებული უნარების შეფასება ხდებოდა. პირველი ეტაპის, ანუ ცენტრის მიზნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აპლიკანტი ფასდება, როგორც სამოტივაციო წერილის, ასევე დისტანციური გასაუბრების მეშვეობითაც. კონკურსში გამარჯვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. უპირველესად, ჩვენს ქვეყანაში განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების პოპულარობა საკმაოდ მაღალია, რაც აპლიკაციის პროცესს ძალზე კონკურენტულს ხდის. ამასთანავე ეს პროგრამები აპლიკანტს საშუალებას აძლევს, რომ წარუმატებელი აპლიკაციის შემთხვევაში, მან ხელახლა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. აპლიკაციის პროცესის გამჭვირვალობის წყალობით, კონკურსანტს საშუალება აქვს შესწორებები შეიტანოს განაცხადში და კონკურსის შემდეგ ეტაპს შეხვდეს ბევრად უფრო მომზადებული, ეს ფაქტორიც უფრო რთულს ხდის აპლიკაციის პროცესში წარმატების მიღწევას.

თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი სირთულე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში და რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ განვლილი სემესტრიდან?

ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სირთულეებს, ზოგისთვის სირთულე შეიძლება ადგილობრივ კულტურასთან შეჩვევა ან მაგალითად სხვა სტუდენტებთან კონკურენცია იყოს. პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე კი საყვარელ ადამიანებთან განშორება იყო. მაგრამ, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, სირთულეს ალბათ გადაწყვეტილებების აბსოლუტურად დამოუკიდებლად მიღება წარმოადგენდა. აქამდე,  ყოველთვის ვცდილობდი, რომ გადაწყვეტილებები ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან განხილვის შემდეგ მიმეღო, მაგრამ დროითი სარტყლის სხვაობის გამო ეს შესაძლებლობა ძალიან იშვიათად მეძლეოდა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება როგორც სირთულე, ასევე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროცაა, რაც მომავალში აუცილებლად დამეხმარება სწრაფად განვითარებაში. გასული სემესტრიდან ბევრი კარგი მოგონება დამრჩა, მაგრამ ალბათ ყველაზე გამორჩეული მაინც ჩემი უნივერსიტეტის სახელით, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ქეისების შეჯიბრში მე-2 ადგილის დაკავება იყო. ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე როჩესტერის უნივერსიტეტისთვის ეს ისტორიული მაქსიმუმია. ვიმედოვნებ, რომ მომავალ თვეებში უკეთესი შედეგის დაფიქსირებასაც შევძლებთ.

განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამების უმეტესობას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. რა რჩევას მისცემდით მომავალ კონკურსანტებსა და სტიპენდიატებს, მათ, ვინც სამომავლოდ აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია რომ მომავალ აპლიკანტებს ვურჩიო არის ის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ იმ  აპლიკანტების დაგროვილი გამოცდილება, რომლებმაც უკვე  წარმატებით გაიარეს კონკურსი. ონლაინ შეხვედრების გამოყენებით და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული წარმატებული აპლიკანტების სიის მეშვეობით, ძალიან მარტივად შეიძლება მათთან დაკავშირება. დამატებით კი კონკურსანტებს ვურჩევ, რომ ნათლად ჩამოაყალიბონ ბმა მათ წარსულ საქმიანობას, არჩეულ აკადემიურ პროგრამასა და მომავალ მიზნებს შორის. როგორც მრავალი სხვა წარმატებული აპლიკანტი, მეც მზად ვარ, რომ პოტენციურ სტიპენდიატებს გავუზიარო დაგროვილი გამოცდილება.

რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის 2021 წელი?

2021 წელი ნამდვილად გამორჩეული გამოდგა ჩემთვის, რადგან შევძელი დიდი ხნის ოცნების ასრულება, რომ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამეგრძელებინა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ შევძელი როგორც სწავლის სრული დაფინანსების, ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიის მოპოვება, რაც მეხმარება საცხოვრებელი ხარჯების დაფარვაში. ამავე წელს მომიწია სს „ევექსი ჰოსპიტლები“-ს გუნდის დატოვებაც, რომელშიც დაახლოებით 4 წელი გავატარე. ამ კომპანიაში მიღებული გამოცდილება ძალიან მეხმარება, რომ მაგისტრატურაზე მიღებული ცოდნა მარტივად გავითავისო და აღვიქვა მთლიანი კომპანიის ჭრილში.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უახლოეს მომავალში სურვილი მაქვს, რომ სტაჟირება გავიარო წამყვან ამერიკულ კომპანიაში, რაც საშუალებას მომცემს, რომ გავეცნო ამერიკულ კორპორაციულ კულტურასა და მოწყობას. შედარებით გრძელვადიანი გეგმა კი, საქართველოში დაბრუნება და როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორების განვითარებაში წვლილის შეტანაა. დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალში ხელი შევუწყო სახელმწიფო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა გაძლიერდეს სახელმწიფოზე მოქალაქეების კონტროლი და ასევე სტიმული მიეცეს ანალიტიკური ორგანიზაციების მუშაობას ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომერციული საქმიანობების წახალისებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები