სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულმა ოთხივე პირმა ბრალი აღიარა

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა – გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება აღიარეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ამასთან, სასამართლო მათთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას გადასინჯავს.

პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას, ადვოკატები კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები