ზაზა წერეთელი: „ომიკრონით“ ინფიცირებისას უსიმპოტომოები, შეიძლება, აცრილებში იყვნენ და ვირუსი უფრო ადვილად გადაიტანონ
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების წევრის, მედიცინის დოქტორის ზაზა წერეთლის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას, უსიმპოტომოები, შეიძლება, იმ ადამიანებში იყვნენ, რომლებიც აცრილები არიან და ვირუსი უფრო ადვილად გადაიტანონ.
ამის შესახებ წერეთელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წერეთელმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და „ომიკრონის“ საფრთხეების შესახებ ისაუბრა.
„სცენარი, ალბათ, იქნება იგივე, რაც მეტ-ნაკლებად ყველა სხვა ქვეყანაშია. მაგალითად, დღეს თურქეთმა გადმოსცა, რომ გუშინდელთან შედარებით შემთხვევების რაოდენობამ 30%-ით მოიმატა. შვეიცარიაში, დანიაში, გაერთიანებულ სამეფოში 1 კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-3 ჯერ მატულობდა. ესენი ისეთი ქვეყნებია, სადაც აცრების რაოდენობა 75-80 % იყო. თუ ავიღებთ საქართველოს, სადაც აცრები 40 %-იც არაა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ახალ წელთან დაკავშირებით არც რეგულაციები გამკაცრებულა, ალბათ, სცენარი იგივე იქნება: შემთხვევების ძალიან სწრაფად მატება ჩვენთანაც დაიწყება. დიდი რაოდენობით იქნება. ერთი მომენტია, რაზეც საქართველოში არ ლაპარაკობენ: იქ, სადაც ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა, დანიაში, გაერთიანებული სამეფოში, თურქეთში, შვეიცარიაში, უამრავ ტესტირებას აკეთებენ. საქართველოში ტესტების რაოდენობა ასეთი დიდი არაა. შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბევრი შემთხვევა უბრალოდ არ დარეგისტრირდეს. შეიძლება, ისეთი დრამატული ზრდა არ იყოს, როგორც სხვებთან, რადგან უბრალოდ ტესტების რაოდენობა არ იქნება ჩატარებული. სხვანაირად კი, ყველა შემთხვევაში ინფიცირების შემთხვევები დიდი რაოდენობით მოიმატებს.
საქართველოშიც გავრცელდა ეს მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ ცოტა უფრო სუსტია, ვიდრე „დელტა“ შტამი. ამაზე ჯერ კიდევ კამათი მიდის იმის გამო, რომ უფრო სუსტად წარიმართა იმ ქვეყნებში , რომლებიც აცრილები იყვნენ. შესაბამისად, იმუნიტეტი რომელიც ჩამოყალიბდა აცრის, თუ „დელტას“ გადატანის შემდეგ მაინც მუშაობს. უსიმპტომოები, შეიძლება, საქართველოშიც იყვნენ, როგორც სხვაგან, მაგრამ უსიმპოტომოები, შეიძლება, იყვნენ იმ ხალხში, ვინც აცრილები არიან და უფრო ადვილად გადაიტანონ. მაგრამ, ეს რომ გავრცლეებას შეუწყობს ხელს, ნამდვილად ცხადია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელსაც პატარა სიმპტომიც რომ აქვს, მუშაობას მაინც აგრძელებს, აქეთ-იქით დადის, რეგულაციებს არ იცავს“ – განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქით, პრობლემაა ასევე ის, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში უამრავ კვალს ტოვებს.
„პრობლემა მარტო ის არ არის, შეგხვდება, თუ არა კოვიდვირუსი. პრობლემა არის ის, კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ეს დაავადება ადამიანის ორგანიზმზე რა კვალს ტოვებს. უამრავი კვლევა მიმდინარეობს. 2 დღის წინ გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც აჩვენებს, კოვიდის გადატანის შემდეგ ნერვული უჯრედების როგორი დეგენერაცია და გადაგვარება მიმდინარეობს. პრობლემა ის კი არ არის, ჩვენ ვირუსს უსიმპტომოდ გადავიტანთ , თუ არა, პრობლემა არის ის, რომ ეს დაავადება უამრავ კვალს ტოვებს. გარისკვა იმისა, რომ გადავიტან და ადვილად იქნება, არ ღირს, არავინ იცის, ხვალ, ან ზეგ რა იქნება. ეს არის ერთერთი პრობლემა საქართველოში. ვირუსის იოლად გადატანა არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, ან ზეგ არ გამოჩნდება რაღაც ნიშნები, რომელსაც ეს ვირუსი დატოვებს, ამიტომ სჯობს არ გარისკო.
საქართველომ ამ აცრების პროცესში ძალიან დიდი დრო დაკარგა, მთელი წელი. პრობლემა ის არის, რაც უფრო დრო გადის, იმ ხალხის, ვინც ორჭოფობს, გადმობირება უფრო ძნელდება. საქართველოში არის საუბრები, რომ „ომიკრონს“ გადავიტან და მაინც იოლად მექნებაო, რატომღაც ანტივაქსებერებს მედიაში დრო ეთმობათ, რომელიც, წესით, არ უნდა ეთმობოდეთ. არ ჩანს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ნება ჰქონდეს, ეს საკითხი გადაწყვიტოს. ნებისმიერმა ქვეყანამ, ვისაც ნება ჰქონდა, მაგალითად საფრანგეთმა, გერმანიამ, აუცილებელი, მანდატორული აცრები შემოიღო“ – განაცხადა წერეთელმა.
მანვე განმარტება ვაქცინის „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
„არის უამრავი კვლევა, მაგალითად, გუშინ კიოლნის უნივერსიტეტმაც კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც აჩვენა, რომ „ომიკრონის“ შტამს აქვს საშუალება, ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს გვერდი აუაროს. ისრაელმაც რატომ დაიწყო „ბუსტერ“ დოზა ასე ადრე: მათ ნახეს, რომ, სამწუხაროდ, ანტისხეულების რაოდენობა 5-6 თვის შემდეგ იკლებს. მით უმეტეს, როცა „ომიკრონზე“ გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ ანტისხეულები ძალიან ცოტა რაოდენობით იყო, ამიტომ „ბუსტერი“ დაიწყეს. ყველა კვლევამ, რაც ჩატარდა, აჩვენა, რომ „ბუსტერი“ ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ვაქცინის ეფექტიანობამ მოიმატოს და ისეთი რაოდენობის ანტისხეულები ჩამოყალიბდეს, რომ „ომიკრონის“ შტამს წარმატებით ებრძოლოს. ამიტომ „ბუსტერი“ ყველამ დააჩქარა“ – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
თამუნა შეყილაძე