მამუკა მდინარაძე: ლონდა თოლორაიას თავისუფლად შეუძლია დაესწროს ახალი კანონპროექტის განხილვას

“ბოლო 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ ველოდებით კითხვაზე პასუხს: არის თუ არა თავსებადი პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციასთან? ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც უპასუხობა ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორს შეუძლია ახალი კანონპროექტის განხილვას დაესწროს.

”15 მუხლი ქვემდებარეობისათვის ემატება საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ჩამოყალიბდება ცალკე, დამოუკიდებელ უწყებად. მეორე კითხვა – არის თუ არა სადმე ცივილიზებულ სამყაროში პრეცედენტი, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვის რომელიმე სამსახური ითავსებს საგამოძიებო ფუნქციას? საზოგადოებისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, თავის დროზე, როდესაც ეს ორი ინსტიტუტი ცალკე გამოვიდოდა და ერთ სისტემაში შეცდომით, ხარვეზით თუ კომპრომისული გზით ჩამოყალიბდებოდა, ერთი ფუნქცია იყო სახალხო დამცველის კომპეტენციაში, ანუ პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია იქამდე მიეკუთვნებოდა სახალხო დამცველის კომპეტენციას. მეორე ფუნქცია – საგამოძიებო ფუნქცია, როგორც სხვა ქვეყნებში, მაშინაც მიეკუთვნებოდა პროკურატურის კომპეტენციას. ეს ორი ფუნქცია გამოიყო ცალკე და ერთ სისტემაში მოიყარა თავი. რამდენად არათავსებადია, მგონი, რომ იურიდიული ლოგიკიდანაც კარგად ჩანს. ლონდა თოლორაიას შეუძლია თავისუფლად დაესწროს ახალი კანონპროექტის განხილვას, რომელიც ინიცირებულია ჩვენ მიერ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას თავისი ბერკეტები არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავუპირისპიროთ შესაბამისი პროცედურული ბერკეტები. როდესაც მხოლოდ ტექნიკურ და პროცედურულ ნაწილში ჩაიტანენ ბრძოლას, ჩვენც, ბუნებრივია, არ დავუხრით თავს და პირიქით, დავუპირისპირებთ იმას, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის. მათ გადაწყვიტეს პროცედურული ომი და მარტივი საპასუხო სვლით ეს ნომერი ჩაუვარდათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები