“ჩვენი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე – საქართველოში, უმუშევრად არ დარჩებით” – ბიბილოვი

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის მოსახლოებასთან ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის საკითხს შეეხნენ და დაინტერესდნენ, როდის გახდება ის კვლავ გამარტივებული გადაადგილებისთვის.

ბიბილოვის თქმით, “საქართველოსთან საზღვრის” გადაკვეთის საკითხი იოლი არ არის. როგორც მან ლენინგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე თქვა, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის საქართველოსთან გადაკვეთის პუნქტები წნელისთან უკანონო ქართული ბლოკპოსტის გახსნის შემდეგ ჩაიკეტა”.

მისი თქმით, “პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები”.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, “რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს, სიამოვნებით მივიღებთ მათ ჩვენს რესპუბლიკაში, შეუძლიათ – აქ გადმოვიდნენ და იცხოვრონ ნათესავებთან. ჩვენი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე – საქართველოში და უმუშევრად არ დარჩებიან“.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის “საქართველოში გამგზავრების” მოთხოვნის საპასუხოდ, დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც “საქართველოს ტერიტორიაზე გაემგზავრნენ”, შემდეგ უკანონოდ კვეთენ საზღვარს ოსური პენსიის მისაღებად”.

„შემდეგ მძიმე ავადმყოფობის და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მკურნალობის აუცილებლობის საბაბით ცდილობენ უკან დაბრუნებას. თქვენ უნდა აირჩიოთ და გადაწყვიტოთ, სად გსურთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს და გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას ან სამხრეთ ოსეთში, ან გაგზავნიან რუსეთის ფედერაციის სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები