ბიბილოვი – “საქართველომ პროვოკაციული ქმედებები უნდა შეწყვიტოს”
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, გამარტივებული წესით “საქართველოსთან საზღვრის” გადაკვეთის საკითხი იოლი არ არის.
როგორც მან ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე თქვა, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის საქართველოსთან გადაკვეთის პუნქტები წნელისთან უკანონო ქართული ბლოკპოსტის გახსნის შემდეგ ჩაიკეტა”.
„სამწუხაროდ, ამ პრობლემის იოლი გადაწყვეტა არ არსებობს, რომელიც მხოლოდ ჩემზე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტზეა დამოკიდებული. საზღვრის ჩაკეტვა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის შექმნის შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, შეცვალოს თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.
მისი თქმით, “რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს, სიამოვნებით მივიღებთ მათ ჩვენს რესპუბლიკაში, შეუძლიათ – აქ გადმოვიდნენ და იცხოვრონ ნათესავებთან. ჩვენი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოშია და უმუშევრად არ დარჩებიან“.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის “საქართველოში გამგზავრების” მოთხოვნის საპასუხოდ, დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც “საქართველოს ტერიტორიაზე გაემგზავრნენ”, შემდეგ უკანონოდ კვეთენ საზღვარს ოსური პენსიის მისაღებად”.
„შემდეგ მძიმე ავადმყოფობის და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მკურნალობის აუცილებლობის საბაბით ცდილობენ უკან დაბრუნებას. თქვენ უნდა აირჩიოთ და გადაწყვიტოთ, სად გსურთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს და გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას ან სამხრეთ ოსეთში, ან გაგგზავნიან რუსეთის ფედერაციის სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.