ორსული მეუღლის მკვლელობის საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო

ორსული მეუღლის მკვლელობის საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, ბრალდებულისგან მიწოდებული ინფორმაციით, ის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო და გარკვეული სახის მკურნალობას გადიოდა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებული მკურნალობას ფსიქიატრიული კუთხით გადიოდა თუ ნარკომანიის დაძლევის კუთხით, ამაზე გამოძიებას პასუხი დოკუმენტების მიღების შემდეგ ექნება.

„ბრალდებულს ბრალი ედება ორსული მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე შუამდგომლობდა, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც გამოიხატებოდა შესაძლო მიმალვის საფრთხეში, მტკიცებულების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეში, მას შეჰფარდებოდა პატიმრობა, სასამართლომ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს ბრალი არ უარუყვია, თუმცა, გამოძიების ეტაპზე, იგი იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რაც სახეზეა, მათ შორის, მეზობლების ჩვენებებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის სისხლიანი დანა, სხვა სისხლიანი ნივთები და უკვე საექსპერტო კვლევის შედეგად მივიღეთ დამატებითი მტკიცებულებები. იყო თუ არა ბრალდებული შემთხვევისას ფსიქოტროპული ნივთიერებების ქვეშ ამაზე ჯერ არ გვაქვს პასუხი. ვიზუალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იყო.

რაც შეეხება კითხვას, იწვა თუ არა კლინიკაში, როგორც თავად მისგან გვაქვს ინფორმაცია, გარკვეული სახის მკურნალობას გადიოდა, იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ეს ფსიქიატრიული კუთხით იყო თუ ნარკომანიის დაძლევის კუთხით, დოკუმენტების მიღების შემდეგ გვექნება ინფორმაცია,“- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ორსული მეუღლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს გოგა გზირიშვილმა ორსულ მეუღლეს სხეულის არეში 30-მდე ჭრილობა მიაყენა, შედეგად ქეთა კეპულაძე ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები