ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის მიმართ აღკვეთის ღონიძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ბრალს აღიარებს და პატიმრობასაც ეთანხმება.

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება 23 დეკემბერს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს თბილისში გოგა გზირიშვილმა ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. შედეგად ქალი, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები