გამყრელიძე: ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული, „ომიკრონის“ დროს გადამდებლობა 4-ჯერ არის მომატებული
ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ვიყოთ მოკრძალებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის არც ერთ ქვეყანაში მკაცრ „ლოკდაუნს“ აღარ მიმართავენ და ყურადღება გამახვილებულია რეკომენდაციების და წესების აღსრულებაზე.
„არავინ არ ჩაკეტავს ქვეყანას, არც ევროპული ქვეყნები საშობაოდ არ კეტავენ ქვეყნებს. მძლავრი „ლოკდაუნები“ არ არის, ყველგან საუბარია წესრიგის დაცვაზე, წესებისა და რეკომენდაციების დაცვაზე და მათი აღსრულების მაქსიმალურ კონტროლზე. საუბარია იმაზე, რომ არ შეიკრიბოს 50-ზე მეტი ადამიანი გარე სივრცეში, თუ შესაძლებელია, არ შეიკრიბოს 10-ზე მეტი ადამიანი ერთ ოჯახში. გადადების ყველაზე დიდი რისკია სუფრაზე, როდესაც ადამიანი პირბადეს იხსნის, მით უმეტეს „ომიკრონის“ დროს, როცა 3-4-ჯერ არის მომატებული გადამდებლობა. ამ დროს ეს საშიშროებაა ამიტომ, ელემენტარული წესი და რიგი ყველამ უნდა დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.