გიორგი ბარამიძე: “ნაცმოძრაობის” მიერ დაწყებულმა შიმშილობამ დიალოგს ხელი როგორ უნდა შეუშალოს, გაუგებარია
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის მიერ დაწყებული შიმშილობის აქცია პროტესტის უკიდურესი ფორმაა, თუმცა, არაძალადობრივი.
ბარამიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, პროტესტის ამ ფორმამ როგორ უნდა შეუშალოს ხელი დიალოგს.
“3 დღის წინ, როდესაც ნიკა მელიამ შიმშილობასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, ამ პროცესს შევუერთდით და მასთან ერთად დავიწყეთ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად შიმშილობა. მან იქვე აღნიშნა, რომ ჩვენ შეიძლება დიდი იმედი არ გვაქვს, რომ შედეგით დამთავრდება ის ინიციატივა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა, მაგრამ ყველანაირად ჩავერთვებით და მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენი შიმშილობა იმის გამომხატველია, რომ ჩვენი პროტესტი ერთდროულად არის ყველაზე მწვავე, რაც შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე მშვიდობიანი და ყველაზე არაძალადობრივი. ამან როგორ უნდა შეუშალოს დიალოგს ხელი, გაუგებარია, აბსურდს საუბრობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები”, – აცხადებს ბარამიძე.