იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ „სიბერის საწინააღმდეგო ვაქცინა“ შექმნეს
იაპონელმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ ახალი ვაქცინა შექმნეს, რომელიც მომავალში ორგანიზმის დაბერების შენელებას შეძლებს.
ამის შესახებ პორტალი ZME Science ჟურნალ Nature Aging-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
კვლევის მასალების მიხედვით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მარკერის ცილა ადამიანისა და თაგვების დაბერებულ უჯრედებში და შემდეგ შექმნეს პეპტიდური ვაქცინა, რომელიც მასზე იყო მიმართული. ეს პრეპარატი ანადგურებს „ზომბის უჯრედებს“, რომლებიც ასაკთან ერთად გროვდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს ანთებით პროცესებს.
ამჟამად, ცდები წარმატებით არის დასრულებული თაგვებზე: მღრღნელებს, პრეპარატის მიღების შემდეგ, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაეზარდათ, დაჩქარდა მეტაბოლიზმი და ათეროსკლეროზის გამოვლინებები შემცირდა.
მეცნიერთა აზრით, მომავალში ვაქცინა შეძლებს, ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს შეებრძოლოს, როგორიცაა დემენცია, დიაბეტი და ათეროსკლეროზი.
თუმცა, ამისთვის აუცილებელია მოძველებული უჯრედების სხვა მარკერების იდენტიფიცირება, რომლებზეც პრეპარატი უნდა იმოქმედოს, ამიტომ, კვლევა გრძელდება.