გერლიანის ადვოკატი იმ პოლიციელის დაკითხვას ითხოვს, რომელიც, ეკონომისტის მტკიცებით, მას ემუქრებოდა და აშანტაჟებდა
ეკონომიკის ექსპერტის, რამაზ გერლიანის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე მოითხოვს, რომ გამოძიებამ საქმეზე ის პოლიციელი დაკითხოს, რომელიც, მისი მტკიცებით, გერლიანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ „მუქარას, შანტაჟსა და თვალთვალს“ ახორციელებდა.
„ვითხოვთ, საგამოძიებო მოქმედებები წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ პირი, რომელიც არის პოლიციელი და პოლიციის მუნდირით სარგებლობდა, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა რამაზ გერლიანს. გამოძიება ახლა მუშაობს თითქოს რამაზის თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, მაგრამ კონკრეტული პირის გამოკითხვას არ ახდენს, ანუ ვინ მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე, აქამდე არ მიდის გამოძიება. ისეთი განცდაა, რომ რადგან პოლიციელია, არაფერს ამბობენ“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ, 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, პოლიციამ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი სურამის ტყეში იპოვა. გერლიანის განცხადებით, გაუჩინარებისას „სიკვდილთან შეხვედრა“ ჰქონდა დაგეგმილი.