ჯანმო: ევროპაში გასულ კვირას 40%-ით მეტი კოვიდპაციენტი აღირიცხა, ვიდრე – 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში
ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირების სულ მცირე 2,6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და, სულ მცირე, 27 ათასი გარდაცვალება, ძირითადად, ვირუსის “დელტა” შტამით, რაც 40%-ით მეტია, ვიდრე – დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისი თქმით, “ომიკრონის” შტამი ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან 38-შია გამოვლენილი და ეს შტამი უკვე ხდება დომინანტური რიგ ქვეყნებში, მათ შორის, დანიაში, პორტუგალიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ამ შტამით ინფიცირების რიცხვი ორმაგდება ყოველ სამ დღეში ერთხელ.
კლუგე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციის ზრდა და ჯანდაცვის სისტემის მუშაობის შეფერხება.
„COVID-19-ისგან განკურნებულ ადამიანებში “ომიკრონის” შტამით ინფიცირების რისკი სამი-ხუთჯერ მაღალია, ვიდრე “დელტა” შტამით. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, იწვევს თუ არა “ომიკრონი” დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას, ვიდრე “დელტა” შტამი. ამ დრომდე ის, ძირითადად, მოზრდილებში გადადის 20-დან 30-მდე ასაკის პირებში და ის თავდაპირველად გავრცელდა დიდ ქალაქებსა და კლასტერებში, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ღონისძიებებსა და სამუშაო ადგილზე შეკრებებთან,” – აღნიშნავს კლუგე.