პუტინი: 90-იან წლებში აშშ კავკასიაში ტერორისტების დახმარებით, სეპარატიზმს უჭერდა მხარს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შეერთებული შტატები 90-იან წლებში კავკასიაში სეპარატიზმს უჭერდა მხარს.
ამის შესახებ მან ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
ამასთან, მისივე თქმით ევროპაში ბოლო თვეებში “მძიმე ვითარება შეიქმნა”.
როგორც პუტინმა აღნიშნა,, სიტუაციის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ს, რომელიც სტრატეგიული სტაბილურობისა და ნატო-ს გაფართოების შესახებ სხვადასხვა შეთანხმებიდან გამოდის.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ “აშშ 90-იან წლებში კავკასიაში სეპარატიზმს უჭერდა მხარს, ტერორისტების დახმარებით”.
“ხანდახან დაგაინტერებს, რატომ აკეთებდნენ ამას იმ პირობებში – ეს გაუგებარია. ვფიქრობ, ეს იყო ეიფორია ცივ ომში ე.წ. გამარჯვებასთან დაკავშირებით. იმდროინდელი სიტუაციის არასწორი, უზუსტო შეფასებისა და სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების გაუნათლებელი, არასწორი ანალიზის გამო. ამის გამო, სხვა მიზეზები უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გაერო-ს წესდებას, როდესაც ეს მათთვის მომგებიანია, მაგრამ მაშინვე ავიწყდებათ, თუ ეს მათ ინტერესებს არ შეესაბამება და ასეთი მანიპულაციები “უკვე ყელში ამოვიდა” .
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ნატო-ს ინფრასტრუქტურა წინსვლას განაგრძობს და უკრაინაში გამოჩნდება, რაკეტების ფრენის დრო 7- 10 წუთამდე შემცირდება, ხოლო ჰიპერბგერითი იარაღის – ხუთამდე, ეს რუსეთისთვის მთავარი გამოწვევა გახდება.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ძალების დაგროვებით პირდაპირ რუსეთის საზღვრებთან, ისევე როგორც ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარებით, მათ შორის, დაუგეგმავი. განსაკუთრებით გვაშფოთებს, რომ რუსეთის საზღვრებთან უშუალოდ მიმდინარეობს შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო გლობალური ელემენტების განლაგება”, – განაცხადა პუტინმა.
მანვე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი განსაკუთრებულ პირობებს არ ითხოვს.
“რუსეთი მხარს უჭერს თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას მთელ ევრაზიულ სივრცეში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აშშ-სგან საჭიროა უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიების მიღება და არა – სიტყვიერი დაპირებები.
ამავდროულად, რუსეთი მიიღებს ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს შეერთებული შტატების არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ.