შოიგუ: ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიები დონბასში უკრაინულ სპეცრაზმს ამზადებენ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, დონეცკის ოლქში ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების 120-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც აწყობენ საცეცხლე პოზიციებს და უკრაინის სპეცრაზმს ამზადებენ.
ამის შესახებ მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ შეხვედრაზე თქვა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.
“დადასტურებულად ვიცით, რომ დონეცკის ოლქში, ავდეევკასა და პრიაზოვსკოეს დასახლებებში ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების 120-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება. ისინი ამზადებენ საცეცხლე პოზიციებს საცხოვრებელ კორპუსებში და სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებში, ამზადებენ უკრაინის ძალებს სპეცოპერაციებისთვის და რადიკალურ შეიარაღებულ ჯგუფებს – აქტიური საომარი მოქმედებებისთვის“, – განაცხადა შოიგუმ.